ესპანური გამოცემა AS-ი გიორგი მიქაუტაძეზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც იმ სტატისტიკაზეა საუბარი, რაც ქართველ ფეხბურთელს 2026 წელს აქვს.
მიქაუტაძეს წელს შედეგიანობით მხოლოდ ვედათ მურიქი უსწრებს, ხოლო ასევე 5 გოლი აქვს გატანილი კილიან მბაპეს.
„გიორგი მიქაუტაძე 2026 წლის დასაწყისიდან „ვილიარეალში“ ერთ-ერთი საუკეთესოა. ქართველი თავდამსხმელი უკვე ლიგის საუკეთესო ბომბარდირებს შორის მოხვდა. წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მან ლა ლიგაში ხუთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც მას 2026 წელს ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად აქცევს. მხოლოდ ვედათ მურიქის აქვს შვიდი გოლით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე ქართველ თავდამსხმელს. გარდა ამისა, მიქაუტაძეს იმდენივე გოლი აქვს გატანილი, რამდენიც ბუდიმირმა, ოიარზაბალმა, მბაპემ და ბორხა იგლესიასმა გაიტანეს (5-5).
„ვილიარეალის“ თავდამსხმელი უკვე შედის ლა ლიგის ათ საუკეთესო ბომბარდირს შორის და ამჟამად გუნდის მეორე საუკეთესო ბომბარდირია ალბერტო მოლეიროს შემდეგ, რომელსაც 9 გოლი აქვს გატანილი. სეზონის პირველ ნაწილში სამი გოლის გატანის შემდეგ, მან უკვე 5 გოლი გაიტანა 2026 წლის 8 მატჩში”, - წერს AS-ი.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 5 მიმდინარე წელს) და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 29 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 24 ტურის შემდეგ 48 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 თებერვალს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.





