ესპანური გამოცემა Marca გიორგი მიქაუტაძეზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავ ფორმაზეა საუბარი.
მიქაუტაძეს წელს შედეგიანობით მხოლოდ ვედათ მურიქი უსწრებს, ხოლო ასევე 5 გოლი აქვს გატანილი კილიან მბაპეს.
„მიქაუტაძე „ვილიარეალში“ ვარსკვლავის რეპუტაციითა და ყველაზე ძვირადღირებული შენაძენის მძიმე ტვირთით მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ადაპტაციას რამდენიმე თვე დასჭირდა, რომლის განმავლობაშიც მან თავისი ნიჭი მხოლოდ ნაწილობრივ გამოავლინა, საბოლოოდ თავი ისეთ დიდებულ ფეხბურთელად წარმოაჩინა, როგორიც სინამდვილეშია.
„ლევანტესთან“ ქართველი ფეხბურთელის გოლმა მის გუნდს სამი ქულა მოუტანა, ქულები, რომლებიც სეზონის ბოლოს ფასდაუდებელი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ „ვილიარეალი“ საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. კიდევ ერთი გოლი ადასტურებს, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია და ზედიზედ მესამე მატჩია გოლი გააქვს.
„ლიონის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ახლა მტკიცედ დაიმკვიდრა თავი, როგორც „ვილიარეალის“ მთავარმა თავდამსხმელმა და ფეხბურთელმა რომელშიც კლუბმა 30 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა.
2026 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, მიქაუტაძემ 5 გოლი გაიტანა, რაც მას წლის პირველი ორი თვის განმავლობაში ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად აქცევს. მან გოლები „ელჩეს“, „ალავესს“, „ესპანიოლს“, „ხეტაფესა“ და „ლევანტეს“ გაუტანა. ლა ლიგაში 8 გოლით, ქართველი თანაგუნდელებში მოლეიროს ჩამორჩება და 2026 წელს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი თავდამსხმელია“, - წერს Marca.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 19 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 5 მიმდინარე წელს) და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 29 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
„ვილიარეალი“ ლა ლიგაში 24 ტურის შემდეგ 48 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 22 თებერვალს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.







