რაგბი

15:35 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვს შემადგენლობა შეარჩია

საქართველოს 15-ქალა ეროვნული ნაკრები, ხვალ ხორვატიაში გაემგზავრება, სადაც 22 თებერვალს მასპინძელთა გუნდთან რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის მეორე თამაშს გამართავს.

გოგონებმა ისტორიაში პირველი ოფიციალური თამაში შარშან ნოემბერში გამართეს და რუმინეთს სტუმრად დიდი ანგარიშით, 43:0 სძლიეს. ამან გააჩინა იმედი, რომ ჩვენი 15-ქალა კონფერენც დივიზიონის ეტაპს მალე გაივლის და მეორე დივიზიონში, ალაფაზე აღზევდება.

მანამდე კი სამწვრთნელო შტაბს სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე გადანაცვლება მოუწია. რუმინეთთან მატჩის შემდეგ დაგვაკლდა ერთადერთი ლეგიონერი, ესპანეთში მოთამაშე ირმა გულიაშვლი, რომელმაც მუხლზე ოპერაცია გაიკეთა.პირადი მიზეზების გამო ხორვატებთან ვერ ითამაშებს სალომე საღარაძე.

შედეგად, 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს ანანო ხაბულიანი იწყებს და მას მგეზავი ანა პოღოსიანი შეუწყვილდება. ცენტრში გადაინაცვლა გუნდის კაპიტანმა თეონა ჩიტაიშვილმა. მარქაფიდან დაწინაურდა და ცენტრში თამაშს იწყებს ნინო მეფარიშვილი. ფრთებზე კვლავ მარიამ ბერანძეს და კირა დანელიას ვიხილავთ, ფულბეკი კი მანონი საღარაძე იქნება.

უცვლელი დარჩა შერკინების ხაზი. პირველ ხაზში თამაშს ანა რურუა, თამარი მანაგაძე და ანა კაპანაძე იწყებენ; მეორე ხაზში ნათია გავაშელიშვილი და ლიკა ხუფენია შეწყვილდებან; მესამე ხაზში კი სალომე მაკასარაშილი, ნინო წიკლაური და ანა დათიაშვილი გაირჯებიან.

მარქაფიდან თამაშში ჩაერთვებიან მირანდა სააკიანი, ანასტასია ახვლედიანი, ნინო გოგოლიძე, გურანდა ხიჯაკაძე, ლიკა ბჟალავა, ვერო კუნდუხაშვილი, ნინო მელუა და ტატა ბუზალაძე.

მზადების და მოლოდინების შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე ამბობს:

„შეძლებისდაგვარად კარგად მოვემზადეთ. მეტეოროლოგიურმა პირობებმა გარკვეული დროით მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მოგვცა და ჭიდაობის დარბაზში, შეზღუდულ სივრცეში გვიწევდა ვარჯიში. მოედანზე გადასვლის შემდეგ ვმუშაობდით სათამაშო ელემენტების გახსენებასა და დახვეწაზე. აქ აშკარად ჩანს თამაშების ნაკლებობის გავლენა, თუმცა ხორვატებთან წარმატების იმედი მაინც გვაქვს“.

„მეტოქის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. ვნახეთ მათი დაახლოებით 2 წლის წინანდელი თამაშის ჩანაწერი ბულგარეთთან. სუსტი გუნდი ჩანს. არ ვიცი რა პროგრესი ქონდათ მათ ამ პერიოდში, თუმცა ვფიქრობ, მათთან გამკლავება არ უნდა გაგვიჭირდეს. მთავარია ჩვენ შევძლოთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა“.

იმისათვის, რომ გოგონებს სათამაშო პრაქტიკა ქონდეთ და საქართველოში ქალთა რაგბი განვითარდეს, სხვადასხვა აქტივობები იგეგმება. დაახლოებით ორი კვირის წინ ქუთაისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი - 10-ქალა რაგბში, რომელშიც თბილისის ‘ლოკომოტივმა’, ქუთაისის ‘აიამ’ და ნაკრების ბაზაზე დაფუძნებულმა გუნდმა ითამაშეს. ჩემპიონატის ბოლოს გოგონები ორ 15-ქალა გუნდში გადანაწილდნენ და ერთი ტაიმი ითამაშეს.

ხორვატებთან თამაშის შემდეგ, მარტის შუა რიცხვებში მეორე ეტაპის ჩატარება იგეგმება, მოგვიანებით კი საფესტივალო ასაკის გოგონების თამაშები გაიმართება, რომელშიც უკვე ხელვაჩაურის, ხაშურისა და მარნეულის გუნდებიც ჩაერთვებიან.

რაც შეეხება უფროს ასაკს, მარტიდან პრიორიტეტული 7-ქალა ნაკრების მომზადება გახდება, რომელიც ივნისში რაგბი ევროპის ალაფის ორ ეტაპზე ითამაშებს და ჩემპიონატზე დაბრუნებას შეეცდება.

ქალთა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონი

22 თებერვალი. სენჯი (ხორვატია). 16:00 საქ. დრო

ხორვატია - საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. მანონი საღარაძე, 14. კირა დანელია, 13. ნინო მეფარიშვილი, 12. თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), 11. მარიამ ბერანძე, 10. ანნა პოღოსიანი, 9. ანანო ხაბულიანი;

შერკინება: 1. ანა რურუა, 2. თამარი მანაგაძე, 3. ანა კაპანაძე, 4. ნათია გავაშელიშვილი, 5. ლიკა ხუფენია, 6. სალომე მაკასარაშილი, 7. ნინო წიკლაური, 8. ანა დათიაშვილი.

მარქაფა: 16. მირანდა სააკიანი, 17. ანასტასია ახვლედიანი, 18. ნინო გოგოლიძე, 20. გურანდა ხიჯაკაძე, 21. ლიკა ბჟალავა, 22. ვერო კუნდუხაშვილი, 23. ნინო მელუა, 25. ტატა ბუზალაძე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169947