რაგბი

21:20 | 20.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელსაც 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველო, თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს, ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

2009 წლის შემდეგ პირველად, ახალგაზრდული ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ა ჯგუფში, მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებს. განთესვის შედეგად ბ ჯგუფში ახალი ზელანდია, იტალია, შოტლანდია და იაპონია მოხვდნენ; გ ჯგუფში არგენტინა, ინგლისი, ირლანდია და აშშ ითამაშებენ; დ ჯგუფში - საფრანგეთი, ავსტრალია, ესპანეთი და ფიჯი.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ოთხი მოწინავე თასის ნახევარფინალში გავა; ჯგუფის მეორეადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას; მესამეადგილოსნები მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებენ; ხოლო ჯგუფის აუტსაიდერები მე-13-მე-16 ადგილებისთვის ითამაშებენ.

ა და გ ჯგუფის თამაშები თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ჩატარდება, ხოლო ბ და დ ჯგუფის შეხვედრებს ქუთაისი, „აია არენა“ უმასპინძლებს. ფლეი ოფები ორ დღეზე იქნება განაწილებული და აქაც თამაშები თბილისსა და ქუთაისს შორის თანაბრად გადანაწილდება. ამრიგად, ორივე ქალაქში ჯამში 20-20 მაღალი დონის თამაში შედგება, რაც რაგბის გულშემატკივრებისთვის დიდი ფუფუნებაა.

ქუთაისში ყველა შეხვედრა „აია არენაზე“ შედგება. თბილისში 18 თამაშს „ავჭალა“ უმასპინძლებს, ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩები კი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

თითო თამაშზე დასასწრები ბილეთის ფასი, კატეგორიების მიხედვით 20, 10 და 5 ლარია, თუმცა გულშემატკივარს შეუძლია დღის აბონიმენტის შეძენა და ამ შემთხვევაში ა კატეგორიის ფასი 80-ის ნაცვლად 48 ლარი, იქნება, ხოლო ბ კატეგორიის 40-ის ნაცვლად 24 ლარი.

თუ გულშემატკივარი ქალაქის ყველა თამაშის ბილეთს შეიძენს, დანაზოგი 50% გამოვა. ანუ ქუთაისის ან თბილისის 20-ვე თამაშზე დასასწრებ აბონიმენტს 400-ის ნაცვლად 200 (ა კატეგორია) და შესაბამისად, 200-ის ნაცვლად 100 ლარად შეიძენთ (ბ კატეგორია). ასევე გაყიდვაშია 40-ვე თამაშზე დასასწრები აბონიმენტებიც.

ბილეთებს და აბონიმენტებს შეიძენთ აქ:

https://tkt.ge/show/31504/ragbi-u20-msoflio-chempionati

ჩემპიონატის გახსნით მატჩში, 27 ივნისს 13 საათზე, თბილისში (ავჭალა) არგენტინა აშშ-ს ეთამაშება, ხოლო ქუთაისში იტალია შოტლანდიას შეერკინება.

ჯგუფურ ეტაპზე საქართველო სამივე თამაშს „ავჭალაზე“ გამართავს - 27 ივნისს უელსთან 18 საათზე; 2 ივლისს 20:30 საათზე სამხრეთ აფრიკასთან და 7 ივლისს 20:30 საათზე ურუგვაისთან. ფლეი ოფის შეხვედრები ორ დღეზეა გადანაწილებული: ნახევარფინალები 12-13 ივლისსაა ჩანიშნული, ხოლო ფინალური თამაშები 17-18 ივლისს შედგება.

თამაშების სრული განრიგი იხილეთ:

https://www.world.rugby/u20/en/matches/2026

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096035