crocobet დიდი 10-ის მე-15 ტურის პირველ მატჩში, თბილისის ‘ხვამლმა’ ‘გორს’ დაძაბულ ბრძოლაში 28:26 სძლია და საფლეიოფო ექვსეულში შესვლის შანსი შეინარჩუნა.
შეხვედრას გუნდები რთულ მდგომარეობაში შეხვდნენ. მუხიანელებს მეორე წრეში თამაში არ ქონდათ მოგებული (ზედიზედ 5 მარცხი), ხოლო შიდა ქართლელებს მიჯრით 9 მარცხი უფიქსირდებოდათ. ამიტომ მის შედეგს ორივე მათგანისთვის უდიდესი მნიშვნელობა ქონდა და მოედანზეც სანახაობრივი ბრძოლა გაჩაღდა.
საბოლოოდ, წარუმატებელი სერია ‘ხვამლმა’ შეწყვიტა. მართალია ის კვლავ მე-8 ადგილზე რჩება, თუმცა ახლა 26 ქულა აქვს და 4-ით ჩამორჩება ‘წიქარას’, ხოლო 5-ით ‘არმიას’, რომელიც ტურის თამაშს კვირას, 22 თებერვალს გამართავს. ამასთან, მუხიანელები დაშორდნენ გასავარდნ ზონასაც. ‘გორმა’ მცირედი სხვაობით მარცხისთვის ნუგეშ-ქულა ჩაიწერა და ჯამში 15 მოაგროვა, მაგრამ კვლავ მე-10 ადგილზე რჩება და ‘ხვამლს’ უკვე 11 ქულით, ხოლო ‘ყაზბეგს’ 3 ქულით ჩამორჩება.
„ხვამლი არენაზე“ ‘გორი’ დებიუტშივე დაწინაურდა. პირველივე შეტევისას ლაშა დონაძემ სივანიოლო კალავეტის შებრუნებული პასით, სისწრაფეზე სუფთად გააჭრევინა ხაზი და მანაც თავის პირველ ლელომდე უპრობლემოდ ირბინა. მამუკა ნინიძემ გარდასახა. ‘ხვამლმა’ სწრაფად უპასუხა, მაღალ ტემპში შეუტია, გიორგი ვარდოსანიძემ ხაზი გაჭრა და მისი საპასუხო ლელო ლუკა თაყაიშვილმა გარდასახა. ამ ეპიზოდში ცინიკური ჯარიმისთვის, რომელმაც სტუმრები გაშვებული ლელოსგან მაინც ვერ იხსნა, სინბინით ‘გორის’ კაპიტანი ნიკა ბიწაძე დაისაჯა.
კაცნაკლულმა გორელებმა მე-10 წუთზე ლიდერობა დაიბრუნეს. ცენტრში დანიშნული შერკინების შემდეგ მათ ბურთი ფრთაზე ჩაათამაშეს, აპილემეკი ნამბოლენგას ფეხით შეცურებულ ბურთს კალავეტი მიყვა და თავისი მეორე ლელო გაიტანა. ‘ხვამლმა’ წონასწორობა მე-18 წუთზე აღადგინა. მეტოქის 22-ში დანიშნული შერკინების შემდეგ, მათ ბურთი საპირისპირო ფრთაზე ჩაათამაშეს გიორგი ჯობავამ წონასწორობა აღადგინა.
რადგან მასპინძლებს დერეფანში თამაში არ გამოსდიოდათ, ‘ხვამლმა’ ჯარიმების კარში დარტყმა გადაწყვიტა და ლუკა თაყაიშვილმა ორჯერ ბურთი ძელებსშუა გააძვრინა. ტაიმის მიწურულს მოთამაშეები წაკინკლავდნენ, რის შედეგადაც სულხან ჩიხლაძემ ლუკა გელაშვილი (ხვამლი) და მიხეილ ორაგველიძე გაასინბინა (გორი), ტაიმი კი 18:12 დასრულდა.
მეორე ტაიმი პირველის მსგავსად ‘გორის’ ლელოთი დაიწყო. მასპინძლებმა ფეხით გადაკიდებულ ბურთზე უყურადღებოდ ითამაშეს, ოვალს პაატა გალდავა დაეუფლა და ლელო გაიტანა, ნინიძემ კი გარდასახვით სტუმრები დააწინაურა. ‘ხვამლმა’ ამ ჯერზეც სწრაფად უპასუხა. ხანგრძლივი შეტევის შემდეგ გიორგი კურტანიძემ კარის წინ სივრცე შენიშნა, თავად შეუტია და მისი ლელო თაყაიშვილმა გარდასახა.
თაყაიშვილმა 65-ე წუთზე თავისი მესამე ჯარიმაც გაიტანა და მასპინძელთა უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა, რის შემდეგაც ‘გორმა’ შეძლო ინიციატივის დაუფლება. სერგი ლეჟავას სინბინის შემდეგ მათ რიცხობრივი უპირატესობაც მოიპოვეს, რითაც 76-ე წუთზე ისარგებლეს, ნიკა ბიწაძისა და დავით მთვარაძის ბურთაობის შემდეგ, კალავეტიმ თავისი მესამე ლელო გაიტანა, რეზი ბროძელმა კი გარდასახვთ ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.
დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ხვამლმა’ 28:26 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მიხეილ თაყაიშვლი გახდა.
RUGBY.GE







