ტურინის „იუვენტუსი“ ისევ კრიზისშია. ლუჩანო სპალეტიმ თავიდან შეძლო გუნდის კრიზისიდან გამოყვანა, მაგრამ თებერვალი გუნდისთვის კოშმარული გამოდგა - „ბიანკონერი“ ისევ დაუბრუნდა იმ დონეს, რა დონეზეც სეზონის სტარტზე გამოიყურებოდა.
„კომოსთან“ კატასტროფული თამაშისა და დამსახურებული მარცხის (0:2) შემდეგ, რომელიც მიმდინარე სეზონში „იუვესთვის“ საკუთარ მოედანზე პირველი წაგება იყო, ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა:
„გალათასარაისთან“ თამაშის წინ ჩვენი პოტენციალისა და თვითშეფასების რწმენა უნდა დავიბრუნოთ. უამრავი შეცდომა გვქონდა პასებში, რაშიც როგორც წეს, არ ვცდებით. ბიჭები ზეწოლის ქვეშ არიან. თამაშზე ზეგავლენა პირველმა გოლმა მოახდინა, შეცდომები განსხვავებას ქმნის. მეცამეტედ გავუშვით გოლი კარში პირველივე დარტყმით! ენთუზიაზმი დავკარგეთ და ბიჭების პიროვნება და თავდაჯერებულობა შემცირდა. ამის შემდეგ მენტალურად რეაგირება ძნელი ხდება.
დი გრეგორიო შეცდომებზე პასუხისმგებელი ზუსტად ისეა, როგორც ყველა მისი თანაგუნდელი. მას შეეძლო პირველი გოლის მომენტში უკეთ ეთამაშა, ისევე, როგორც არ უნდა დაგვეკარგა ბურთი, რომლითაც მათ კონტრშეტევა წამოიწყეს. ყველამ უკეთ უნდა ითამაშოს.
ჩვენი მთავარი მეტოქე ჩვენ თვითონ ვართ. თუ მენტალურად დავლაგდებით, ნებისმიერს გავუწევთ კონკურენციას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იმავე სიტუაციაში ვიქნებით, რომელშიც ახლა ვართ და ვერანაირ შედეგზე ამბიცია ვერ გვექნება. ჩემი მომავალი? გუნდში მინიმუმ სეზონის ბოლომდე დავრჩები, ეს ფეხბურთელებსაც ვუთხარი, მე არაფერს დავთმობ“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ ყველა ტურნირზე 5-მატჩიანი მოგებელი სერია აქვს (1 ფრე, 4 წაგება), ბოლო სამ მატჩში კი ზედიზედ დამარცხდა. გარდა ამისა, ამ ხუთ შეხვედრაში ტურინელებმა 15 გოლი გაუშვეს, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. „იუვე“ სერია A-ში 46 ქულით მეხუთე ადგილზეა და დიდი შანსია, ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც ვერ მოხვდეს.







