საბა საზონოვი „ტორინოს“ ულტრასებს შეხვდა და საკუთარ მდგომარეობაზე ღიად ისაუბრა. ქართველმა მცველმა აღნიშნა, რომ თავს გუნდში ზედმეტად გრძნობს და მეტიც, გუნდის მთავარი მწვრთნელი მას გამარჯობასაც არ ეუბნება.
"მზად ვარ "ტორინოსთვის" ყველაფერი გავიღო, მაგრამ აქ არავის ვჭირდები, მთავარი მწვრთნელი (მარკო ბარონი) გამარჯობასაც კი არ მეუბნება.
როდესაც გუნდში ბონჯორნო და როდრიგესი იყვნენ სერია ა-ში საუკეთესო დაცვა გვყავდა, მაგრამ თამაშის საშუალება მაინც მეძლეოდა. ახლა ლიგაში ყველაზე ცუდი დაცვა გვყავს, თუმცა თამაშის საშუალება საერთოდ არ მეძლევა.
ტრავმა სრულად მოვიშუშე და მზად ვარ თამაშისთვის, თუმცა გუნდის ახალმა სპორტულმა დირექტორმა ჯანლუკა პეტრაკმა პირად საუბარში მითხრა, რომ გუნდის ნაწილი აღარ ვარ", - განაცხადა საზონოვმა.
საზონოვი "ტორინოს" ღირსებას 2023 წლიდან იცავს. 2023/24 წლების სეზონში მან სერია A-ში 13 მატჩი ჩაატარა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ დაიწყო შეხვედრა.
შემდგომში ქართველი მცველი იჯარით გადავიდა "ემპოლიში", თუმცა ტრავმის გამო ვერცერთი მატჩის ჩატარება ვერ მოახერხა. იჯარის დასრულების შემდეგ იგი კვლავ „ტორინოს“ წევრია, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდში მისი მომავალი კვლავ გაურკვეველია.







