„ბოდო გლიმტის“ მთავარმა მწვრთნელმა კიეტილ კნუტსენმა „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
მან უპასუხა იტალიური გუნდის წარმომადგენლებს, რომლებმაც პირველ შეხვედრაში მარცხი (1:3) პრაქტიკულად მოედნის საფარს და კლიმატს დააბარალეს. კნუტსენის პასუხი ასეთია:
„პირველ მატჩში ხელოვნური მოედნის ფაქტორი იყო? ვერაფერს ვიზამ. ვფიქრობ, რომ ყურადღება იმაზე უნდა გავამახვილოთ, რისი კონტროლიც შეგვიძლია. „მანჩესტერ სიტიც“ დამარცხდა ჩვენთან, მაგრამ მათ მოედანი არც კი ახსენეს და არ იწუწუნეს. ჩვენც არ ვართ მიჩვეულები „სან სიროზე“ თამაშს, მაგრამ ყურადღებას სხვა რამეზე ვამახვილებ. არ მგონია, ფეხბურთის გარდა სხვა რამეზე საუბარი ჭკვიანური იყოს, მაგრამ სხვების ქმედებები ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის.
კლოპის ქება? კლოპი შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია. კომპლიმენტებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ „ბოდო გლიმტზე“ ვფიქრობ. მინდა, რომ ფეხბურთელებმა მატჩზე იფიქრონ და მეც იგივე უნდა გავაკეთო“, - თქვა კნუტსენმა.
შეგახსენებთ, რომ „ბოდო გლიმტს“ ჩემპიონთა ლიგაზე ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს: „ინტერი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ატლეტიკო“ დაამარცხა, ხოლო „დორტმუნდთან“ ფრე ითამაშა. ბოლოს ნორვეგიული კლუბი ნოემბერში, „იუვენტუსთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა.
„ინტერი“ – „ბოდო გლიმტის“ საპასუხო მატჩი 24 თებერვალს გაიმართება.







