crocobet დიდი 10-ის მე-15 ტურის დასკვნით მატჩში, თბილისის ‘არმიამ’ ქუთაისის ‘აიას’ 27:22 სძლია და სეზონში მე-8 გამარჯვება მოიპოვა.
თბილისელების გამარჯვებების სერია გასულ ტურში შეწყდა, თუმცა ამან ლაშა აზალაძის შეგირდები არ გატეხა და ერთ-ერთ ლიდერთან მოგებით, ექვსეულისკენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადადგეს. არმიელები 35 ქულით მე-5 ადგილზე არიან და 9 ქულით ჩამორჩებიან ‘ხარებს’, ხოლო მე-7 პოზიციაზე მყოფ ‘წიქარას’ 5 ქულით დაშორდნენ.
ზედიზედ მეორე მარცხის შემდეგ პოზიციები დათმო ‘აიამ’, რომელიც 50 ქულით მესამე ადგილზეა და 4-ით ჩამორჩება ლიდერ ‘ბათუმს’, ‘არესთან’ კი 2 ქულა აშორებს.
მატჩს მოლდოველი არბიტრი ეუგენიუ პროკოპი უძღვებოდა. მატჩი ‘არმიას’ შეტევებით დაიწყო და საწყის 20 წუთში მერლს პიტერსმა ორი ჯარიმა გაიტანა. ‘აია’ ჯარიმებს კარში არ ურტყამდა, აქცენტს ლელოზე აკეთებდა და მიზანს 35-ე წუთზე უწია. გიორგი ფრუიძემ დერეფნის შემდეგ დაცვის ხაზი გაგლიჯა და ლელომდე ირბინა, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა. ტაიმის ბოლოს ‘არმიამ’ კარგი კონტრშეტევა განახორციელა, რასაც ჯერ გიორგი ნიკოლაძის სინბინი მოყვა, მერე კი ირაკლი ქვათაძის ლელო და პიტერსმა გარდასახვით 6-ქულიან უპირატესობა აღადგინა.
მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა ორი ლამაზი, სანახაობრვი ლელო გაცვალეს. ჯერ ‘აიამ’ შეუტია მაღალ ტემპში და ათუკა ზვიადაძის შესანიშნავ თამაშს ლელო მოყვა, მერე კი ‘არმიამ’ გაჭრა ფრთაზე ხაზი, იერიშში გიორგი ჩხარტიშვილი ჩაერთო, რომელმაც ხაზი გაგლიჯა და ლელოს თავად უწია. ქუთაისელთა გარდასახვა არაზუსტი იყო და პიტერსმა საკუთარი გუნდის უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა.
51-ე წუთზე მოთამაშეები წაკინკლავდნენ, რასაც თემურ ჭიჭინაძისა (არმია) და ოთარ გიორგაძის (აია) სინბინი მოყვა. 55-ე წუთზე ‘არმიას’ მოლის შემდეგ ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა იქვე ლაშა ბარბაქაძემ რაქის გვერდით შეუტია და ლელო გაიტანა, ხოლო პიტერსმა გარდასახა. 4 წუთში მასპინძლებმა სინბინით ფარნა გასვიანი დაკარგეს და ‘აიამ’ რიცხობრივი უპირატესობით 69-ე წუთზე ისარგებლა. დერეფნიდან მეტოქის 22-ში ბურთი ფრთაზე ჩათამაშდა, სადაც მას ზვიადაძე ელოდა და მეორე ლელო გაიტანა.
ბაბუნაშვილმა რთული პოზიციდან გარდასახა და რადგან გამარჯვების ლელოს გატანა ვერ მოხერხდა, 79-ე წუთზე შესრულებული ჯარიმით თავის გუნდს ნუგეშ-ქულა მოუპოვა - 27:22 ‘არმიას’ სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ჩხარტიშვილი გახდა.
RUGBY.GE







