საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, crocobet დიდი 10-ის მე-15 ტურში ‘არესი’ ქუთაისში 33:17 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა.
ლიდერთა ჯახი ქუთაისში, ‘აია არენას’ ხელოვნურ საფარიან მოედანზე გაიმართა. ძლიერმა ქარმა მატჩის მსვლელობას თავისი დაღი დაასვა. ‘არესმა’ დერეფანში რამდენიმე თავისი ბურთი დაკარგა და ამით ზღვისპირელებმა კარგად ისარგებლეს. ისინი ბურთს და თამაშს აკონტროლებდნენ, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა მხოლოდ მეორე ტაიმში მოიპოვეს.
‘ბათუმი’ დებუტში დაწინაურდა. 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებულმა მოლმა ჯერ განიგან იარა, მერე კი წინ დაიძრა და ლელო ვაჟა თაგაურმა გაიტანა, ხოლო ვაჟა მიქაძემ გარდასახა. 28-ე წუთზე სტუმართა მორიგი მოლი კვლავ თაგაურის ლელოთი დასრულა, მაგრამ ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო.
‘არესმა’ მეტოქის 5-მეტრიანთან თავისი დერეფანი რომ მოიგო და მოლით შეუტია, ‘ბათუმი’ საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და ყვთელი ბარათი გიორგი შუკაკიძემ მიიღო. მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით სწრაფად ისარგებლეს, ტაიმის უკანასკნელ წუთზე ფეხით გადაკიდებულ ბურთს ზურა ოდიკაძე 10-მეტრიან წყვეტილთან დაეუფლა, 40 მეტრი სწრაფად დაფარა და ლელო გაიტანა. სანდრო ფურცხვანიძემ გარდასახვით ტაიმი ‘არესს’ 14:12 მოაგებინა.
მეორე ტაიმის საწყის 20 წუთში ვაჟა მიქაძის ორ ჯარიმას შორის, ერთი ზუსტი დარტყმა ფურცხვანიძემ შეასრულა, მერე კი სტუმრებმა 3 უპასუხო ლელო გაიტანეს. 63-ე წუთზე ‘ბათუმმა’ მაღალ ტემპში შეუტია, პიტერ ვილიამსი მოულოდნელად აჩქარდა, ორ მცველს შორის გაძვრა და ლელო გაიტანა. 5 წუთში ზურა ოდიკაძე სინბინით დაისაჯა და ‘არესი’ კაცნაკლული დარჩა, რამაც მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
ზღვისპირელებმა იქვე 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლი ააგორეს და შეცვლაზე შესულმა კვაჭმა საბა ხონელიძემ ლელო გაიტანა. დასკვნით 5 წუთში ‘არესმა’ სინბინით კიდევ ორი მოთამაშე დაკარგა. ყვითელი ბარათები სოლომონი რანგემ და ზურა ძნელაძემ მიიღეს, რასაც ‘ბათუმის’ კიდევ ერთი მოლი და ხონელიძის მეორე ლელო მოყვა. მთლიანობაში, ეს სტუმრების მეხუთე ლელო იყო და მათ ბონუს-ქულაც მოიპოვეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა ფოფხაძე გახდა. ‘ბათუმმა’ 54 ქულა მოაგროვა და ორით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ‘არესს’.
RUGBY.GE







