ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარმა მწვრთნელმა კასპერ იულმანმა კომენტარი გააკეთა უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩზე ბერძნულ „ოლიმპიაკოსის“ წინააღმდეგ. შეხვედრა დღეს, 24 თებერვალს გაიმართება ლევერკუზენში და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.
„კარგ შედეგს მივაღწიეთ და უკეთეს პოზიციაში ვართ, მაგრამ თუ თამაშს მსუბუქად მოვეკიდებით, შეიძლება სახიფათო გახდეს. მატჩს სერიოზული განწყობით მივუდგებით. ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. პირველ მატჩში გამარჯვება არაფერს ცვლის - ჩვენ ჩვეულებისამებრ ვემზადებით: გვინდა, რომ თავდაჯერებულად ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ“, - ციტირებს იულმანის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში გამართული პლეი-ოფის პირველი მატჩი სტუმრების გამარჯვებით 2:0 დასრულდა.







