გერმანელმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა „ბარსელონას“ ფეხბურთელებს დაგვიანებისთვის დიდი ჯარიმები დააკისრა. ერთ-ერთ ინტერვიუში 25 წლის თავდამსხმელმა ფერან ტორესმა მწვრთნელის მიერ შემოღებულ ახალ წესებზე ისაუბრა.
„ფეხბურთელებს ახლა მნიშვნელოვანი ფინანსური ჯარიმები ემუქრებათ ვარჯიშებსა და გუნდის შეხვედრებზე დაგვიანებისთვის. კერძოდ, თუ ვინმეს მატჩის დღეს დააგვიანდება, ჯარიმა 40,000 ევროა.“ - ამბობს ტორესი.
ფლიკი ცნობილია მკაცრი დისციპლინით. ტორესის თქმით, კატალონიურ კლუბში მშვიდი ატმოსფეროს მიუხედავად, ის კვლავ მკაცრი მიდგომის შენარჩუნებას აგრძელებს.
ფლიკმა „ბარსელონა“ 2024 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მას შემდეგ 99 მატჩი ჩაატარა, მათგან 74 მოიგო, ცხრა ფრედ დაასრულა და 16 წააგო. გასულ სეზონში მან გუნდი ლა ლიგის ტიტულამდე მიიყვანა.
