ფეხბურთი

16:55 | 24.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "გვიხარია, რომ კვარაცხელია გვყავს, განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში „მონაკოსთან“ საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა კომენტარი.

შეკითხვაზე, თუ რა მოსწონს ხვიჩა კვარაცხელიაში ყველაზე მეტად, ესპანელმა მწვრთნელმა შემდეგნაირი პასუხი გასცა:

„მას იდეალურად ვიცნობთ, ის ძალიან კარგი ფეხბურთელია. კვარა განსხვავებული ტიპის მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია გოლის გატანა, დრიბლინგი, დაცვაც. რთულია იყო პსჟ-ს თავდამსხმელი, ხვიჩა განსხვავებულია და ძალიან გვიხარია, რომ გვყავს“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა "მონაკოსთან" მატჩამდე სხვა საკითხებზეც ისაუბრა: "თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ ოთხშაბათს სხვა თამაში იქნება. პირველ მატჩში ძალიან დადებითი შედეგი მივიღეთ, თუმცა „მონაკოს“ დასაკარგი არაფერი აქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ რთული მომენტები იქნება. „მონაკომ“ ლანსში ჩვენთვის შესანიშნავი შედეგი აჩვენა, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ვიცით, რამდენად რთულია ამ ტურნიტზე თამაში. ატმოსფერო მნიშვნელოვანია გამარჯვებულის მენტალიტეტის შესაქმნელად. მნიშვნელოვანია მატჩის მოგება. ყურადღებით, რადგან ეს განსაკუთრებული, მაგრამ რთული მატჩია. თამაშის მნიშვნელოვანი მომენტების მართვა მოგვიწევს. რთული იქნება, მაგრამ გვსურს ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენი გზის გაგრძელება.

ჩვეულებრივ, როდესაც ოც წუთში 0:2 მარცხდები, ყველაფერი კატასტროფულად მთავრდება. თუმცა, ამ სეზონში, გასული სეზონის მსგავსად, ვაჩვენეთ, რომ ჯერ კიდევ შეგვიძლია სირთულეების დაძლევა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვიცოდეთ, როგორ ვმართოთ ჩვენი თამაშის სტილი. გვსურს მატჩის მოგება, თანაც დამსახურებულად. მზად ვართ ყველა მეტოქესთან და ყველა სიტუაციაში ბრძოლისთვის.

ბევრი ფეხბურთელი გვყავს, ვისაც პენალტის შესრულება შეუძლია. ვიტინია, დემბელე, ნევეში, ნუნუ, ჰაკიმი, ლი. შესაძლოა, არ გვყავს 30 გოლის გამტანი ფეხბურთელი, მაგრამ ბევრს შეუძლია 12-15 გოლის გატანა. ეს ძალიან დადებითია გუნდისთვის.

დემბელე და ფაბიან რუისი ხვალ ვერ ითამაშებენ. თუ ფეხბურთელი მატჩამდე ერთი დღით ადრე არ ივარჯიშებს, მისთვის თამაში შეუძლებელია. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. არ გვინდა რისკზე წასვლა. სერიოზული არაფერია, მაგრამ მოთმინება გვმართებს.

ბარკოლას აკრიტიკებენ? არა მხოლოდ მას, არამედ ყველას აკრიტიკებენ. ეს ნორმალურია. როდესაც პსჟ-ს კალიბრის გუნდში თამაშობ, უნდა შეეგუო. თავდამსხმელებს აკრიტიკებენ, რადგან ასე ხდება დიდ კლუბებში. ბრედლიმ თავისი ხასიათი გამოავლინა. მას ჯერ კიდევ შეუძლია ტექნიკურად გაუმჯობესება. გუნდში ყველა თავდამსხმელით ძალიან კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა ლუის ენრიკემ.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ექვსჯერ საგოლე პასი გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე 8 შეხვედრაში 3-3 გოლით და საგოლე პასით გამოირჩა, ლიგა 1-ში 19 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ერთი გოლი მან საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში გაიტანა.

„პარი სენ-ჟერმენს“ „მონაკოსთან“ პირველი მატჩი სტუმრად 3:2 აქვს მოგებული და საპასუხო შეხვედრის წინ, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება, აშკარა ფავორიტია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167056