მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ ვინისიუსი დაიცვა და „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გააკრიტიკა.
როგორც ბელგიელმა თქვა, არ შეიძლება რასიზმის ზეიმით გამართლება და მოურინიოს სიტყვებით იმედგაცრუებულია.
„100%-ით მჯერა ვინის ნათქვამის. ვინისიუსს არასდროს დაუდანაშაულებია რომელიმე მეტოქის მოთამაშე რასიზმში. მან 100%-ით გაიგო პრესტიანის ნათქვამი, ეს ბევრჯერ გვითხრა.
მოურინიო მოურინიოა, როგორც მწვრთნელი, შენ ყოველთვის დაიცავ შენს კლუბს და დაუჯერებ შენს მოთამაშეს... მაგრამ ერთმა რამემ იმედი გამიცრუა: მოურინიო ვინის ზეიმს საბაბად იყენებდა. რასიზმს ზეიმის გამო ვერ გაამართლებ. სწორედ ვინისიუსმა გადაწყვიტა, რომ „ბენფიკას“ წინააღმდეგ თამაში გაგვეგრძელებინა. თუ ის გასვლას გადაწყვეტდა, ყველანი გავიდოდით.
ვნახე ვიდეოები, სადაც „ბენფიკას“ გულშემატკივრები სტადიონზე საშინელ ჟესტებს აკეთებდნენ, ეს ნამდვილად სავალალო იყო. არ ვიცი, დასჯის თუ არა ბენფიკა მათ, მაგრამ ეს ნამდვილად სავალალო იყო“, - თქვა კურტუამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუკა პრესტიანი ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ვინისიუსი ამბობს, რომ მას არგენტინელმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. უეფა საქმეს იძიებს, ხოლო მანამდე, სანამ საბოლოო განაჩენს გამოიტანს, პრესტიანი დროებითი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რის გამოც „რეალთან“ საპასუხო მატჩს გამოტოვებს.







