კალათბურთი

22:10 | 24.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარკის რიდი: "ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემით მთელმა საქართველომ იამაყოს"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალწვეულმა მარკის რიდმა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ყველაფერს გააკეთებს, რომ მისით ქართველმა გულშემატკივარმა იამაყოს:

„ქვეყანაზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ როდესაც ევრობასკეტზე საქართველოს და საფრანგეთის თამაშს ვუყურებდი, ძალიან გაკვირვებული ვიყავი. როდესაც შეთავაზება მივიღე, მაშინვე ევრობასკეტის თამაშები გამახსენდა, სადაც გუნდმა კარგად იასპარეზა, კარგი ენერგია ჰქონდა, კარგად შეთამაშებული იყვნენ, ამიტომ დიდად რთული გადაწყვეტილება არ ყოფილა. ვინაიდან აშშ-ს სახელით თამაშის საშუალება არ მაქვს, ყოველთვის მინდოდა ქვეყნის სახელით თამაში, ბრძოლა და მსოფლიო ჩემპიონატსა თუ ოლიმპიადაზე ასპარეზობა.

მჯერა, რომ ყველაფერი რაღაცის გამო ხდება. მათ ასეთ არჩევანი გააკეთეს. თურქეთისგან რომ მიმეღო შეთავაზება, დავთანმხდებოდი. იქ უკვე 3 წელია ვცხოვრობ, ჩემთვის კომფორტული ადგილია. ჩემი აზრით, კარიერის საუკეთესო პერიოდი თურქეთში მაქვს გატარებული. შევეწყვე მათ კულტურას, ჩემი შვილები იქაურ სკოლაში დადიან. შეიძლება ითქვას, იქ ცალკე ცხოვრება მაქვს. თუმცა, როგორც ვთქვი, ეს მათი გადაწყვეტილება იყო და მე ამასთან არაფერ შუაში ვარ. მთავარია, რომ მიხარია საქართველოს სახელით თამაში და ვაკონტროლებ იმას, რისი კონტროლიც შემიძლია.

პირველმა სავარჯიშო დღეებმა კარგად ჩაიარა. ყველამ თბილად მიმიღო და თავი სახლში მაგრძნობინეს. მთავარი მწვრთნელი ძალიან კარგი ადამიანია, მას ესმის კალათბურთი და ძალიან სურს გამარჯვება. ვფიქრობ, ყველას სურს ლიდერის გზას გაყვეს და მეც, შესაბამისად, შევეცდებ მაქსიმალურად შევითავსო ეს როლი გუნდის სწორ გზაზე დასაყენებლად. ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლებთ ყველაფერს, ჯერ მოახლოებული ორი თამაში უნდა მოვიგოთ, შემდეგ ზაფხულშიც და ასე გავაგრძელოთ. მთავარია, დიდი ამბიცია გვაქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად, ხოლო შემდეგ ისტორიაში პირველად - ოლიმპიადაზე.

ჩემს თავს კომბო უკანახაზელად მივიჩნევ, რაც კარგად თამაშს გულისხმობს ბურთით და უბურთოდ. ქულების მოპოვება ბუნებრივად გამომდინარე, თუმცა უფრო მიხარია, როცა თანაგუდელებს პასებით ვეხმარები.

„კლემსონში“ ძალიან კარგი დრო გავატარე, კალათბურთის ძალიან მაღალი დონე იყო, როცა იქ ვთამაშობდი, საუკეთესო კონფერენცია იყო კოლეჯების კალათბურთში, ვეთამაშებოდით „ვირჯინიას“, „ჩრდილოეთ კაროლინას“, „ლუივილს“, „სირაკუზს“, „დიუკს“... ვფიქრობ, ამ ჩემპიონატის დონემ მომამზადა იმისთვის, რომ ყველგან შემეძლო თამაში, NBA-ში თუ ევროპაში. NBA-ს რაც შეეხება, მგონია, რომ ბევრ მოთამაშეს შეუძლია იქ თამაში, ჩემი ჩათვლით. ბევრი ფაქტორია, დრო, შანსი, ლიგის პოლიტიკა. აღსანიშნავია, რომ NBA-ს ზაფხულის ლიგაში თამაში მომიწია, რამდენიმე გუნდის შეკრებაზე ვიყავი, თუმცა, კოლეჯების შემდეგ მალევე მსურდა პროფესიონალური კარიერის დაწყება და წავედი იქ, სადაც პირველად მომეცა თამაშის შესაძლებლობა. რამდენიმე კარგ კლუბში მითამაშია, საფრანგეთის ლიგაში დავიწყე, რაც პირველი ეტაპისთვის კარგი ვარიანტია. 3 წელი ვიყავი საფრანგეთში, ისტორიულ კლუბებში - „ნანტერში“, „გრაველინში“, „როანში“. ვფიქრობ, კარგი დასაწყისი მქონდა, შემდეგ კიდევ ერთ კარგ ლიგაში გადავედი, იტალიაში და საბოლოოდ თურქეთში აღმოვჩნდი. კარგი გზა გამოვიარე, შეიძლება იმის თქმაც, რომ უკეთეს გუნდებში თამაში შემეძლო. თუმცა, იმაზე უნდა იფიქრო, რაზე გავლენაც შეიძლება ჰქონდეს, ვცდილობდი, მაქსიმალურად კარგად გამომეყენებინა ის, რისი შესაძლებლობაც მქონდა. შემოთავაზებები ყოველთვის მქონდა, მაგრამ არ იყო შესაბამისი სიტუაცია და დრო. სადმე დაუფიქრებლად წასვლა არასდროს მინდოდა. ბევრი რამ უნდა გაითვალისწინო, მწვრთნელი, თანაგუნდელები, ჩემი ოჯახისთვის კარგი გარემო უნდა იყოს და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი. უფრო მაღალი დონის კლუბში თამაში ბევრჯერ შემეძლო, მაგრამ იქ გადასასვლელად ყველა ფაქტორი უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი დერეკ როუზია, ჩემთვის მისაბაძი კალათბურთელია. ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს, სისწრაფეში, სწრაფი პირველი ნაბიჯის მხრივ სულ ვცდილობდი მიმებაძა. მისი ფეთქებადობა და სიმძლავრე არ მაქვს, მაგრამ ვცდილობდი მისი სტილიდან რაღაც გადმომეღო. ყველა დროის საუკეთესო ხუთეულში დავაყენებდი - მეჯიქ ჯონსონს, მაიკლ ჯორდანს, კევინ დურანტს, ლებრონ ჯეიმსს, შაკილ ონილს.

ბითაძე, შენგელია და მამუკელაშვილი? ძალიან კარგ მოთამაშეებზეა საუბარი, ძალიან მაღალი დონის. ჩემი აზრით, მათთან ერთად დიდი მიზნების მიღწევაა შესაძლებელი. თოკოს წინააღმდეგ მითამაშია, როცა იტალიაში ვიყავი, ძალიან მაგარი კალათბურთელია, ის მაშინვე შემეხმიანა, როცა ნაკრებს შევუერთდი. ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები პირადად. რაც შეეხებათ NBA-ს მოთამაშეებს, რამდენჯერმე ვნახე მათი თამაში „ტორონტოსა“ და „ორლანდოში“, ისინი თავიანთ საქმეს კარგად აკეთებენ ლიგაში და ნაკრებშიც. მათთან შეხვედრასაც ველოდები და ერთი სული მაქვს, ერთად შევუდგეთ საქმეს.

აქ იმისთვის ვარ, რომ გავაკეთო ყველაფერი, რათა გულშემატკივრებმა და მთელმა ქვეყანამ ჩემით იამაყოთ. ბოლომდე იყავით ჩვენს გვერდით, იქნება წაგებები, იქნება მოგებები, ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ“, - თქვა რიდმა.

შეგახსენებთ, რომ მარკის რიდი ამჟამად „ტრაბზონსპორის“ ღირსებას იცავს, მანამდე „ტოფაშის“, „ბუიუკჩეკმეჩეს“, „ბრინდიზის“, „გრაველინის“, „ნანტერეს“, „პრომეტეის“ და „როანოს“ წევრი იყო. ის 2024-2025 წლების სეზონში თურქეთის სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174621