კალათბურთი

1:20 | 25.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები დანიაში ემზადება

საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში ჩავიდა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიასთან მატჩისთვის ემზადება.

მოახლოებული თამაშების წინ კომენტარი საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა დუდა სანაძემ და ბექა ბურჯანაძემ, ასევე მწვრთნელის ასისტენტმა ანატოლი ბოისამ გააკეთეს.

დუდა სანაძე: „პირველი ვარჯიში ჩავატარეთ დანიაში, თორნიკე შენგელიას გარდა, ყველა გუნდშია და ჯანმრთელადაა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ როგორც ყოველთვის, ბრძოლას არ ვწყვეტთ, ჩვენთვის ფინალის ტოლფასი მატჩებია და ორივე თამაშის მოგებაა გეგმა მინიმუმი, რომ მომდევნო მატჩებზე შემდეგ ვიფიქროთ“.

ბექა ბურჯანაძე: „საკმაოდ კარგ ფორმაში ვართ, შენგელიას გარდა სრული შემადგენლობით ვართ. კიდევ ორი დღე დაგვრჩა მაქსიმალურად კარგად მოსამზადებლად. 26-ში შენგელიაც შემოგვიერთდება და სრული შემადგენლობით ვიქნებით. დანიის ნაკრებს ერთი-ორი წამყვანი მოთამაშე აკლიათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უკვე მოგებული გვაქვს თამაში. აქ, როცა პირველად ვითამაშეთ, ბევრი წუთი უკეთ ჩავატარეთ, მაგრამ საბოლოოდ წავაგეთ. ასე, რომ 40-წუთიანი კონცენტრაცია გვმართებს, მოტივაციაზე აღარ ვილაპარაკებ, რადგან ეს ნამდვილად გვაქვს. შტაბის მითითებებს 100%-ით თუ შევასრულებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ“.

ანატოლი ბოისა: „ევროლიგის თამაშის გამო გვაკლია თორნიკე შენგელია, მაგრამ გუნდს მალე შემოუერთდება. დღეს ინტენსიური ვარჯიში გვქონდა, მაქსიმალურად ვემზადებით ფიზიკურად და მენტალურად. დანიის ნაკრებს ევროლიგის ორი კალათბურთელი აკლია, მაგრამ გაცილებით უფრო დინამიურ კალათბურთს თამაშობენ, პერიმეტრიდან უფრო სახიფათოები გახდნენ, ასე რომ, ბევრი ტაქტიკური სამუშაო გვაქვს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორ ტურში ორი მარცხი აქვს - უკრაინასთან 79:92 და ესპანეთთან 61:90, ხოლო დანიის ნაკრებს 27 თებერვალს სტუმრად დაუპირისპირდება, 2 მარტს - თბილისში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.081953