ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკოს“ შემდეგ კიდევ სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა.
რა თქმა უნდა, დიდი სენსაციით უნდა დავიწყოთ: შარშანდელი ფინალისტი „ინტერი“ ტურნირს პლეი-ოფის პირველივე სტადიაზე გამოეთიშა, თანაც „ბოდო გლიმტთან“ - ტურნირის დებიუტანტთან, რომელიც სამყაროს აოცებს.
„ბოდომ“ პირველი მატჩი შინ 3:1 მოიგო, ხოლო „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან კივუმ ყველაფერი იქაურ ხელოვნურ საფარს და კლიმატს დააბრალა, შინ მოვიგებთო - ამბობდა. თუმცა, „ბოდო გლიმტმა“ „ინტერი“ „სან სიროზეც“ დაამარცხა.
ნორვეგიელები თავს პირველ ტაიმში შესანიშნავად იცავდნენ, მეორე ტაიმში კი ორჯერ გაიტანეს: ჯერ მანუელ აკანჯიმ უხეში შეცდომა დაუშვა და იენს პეტერ ჰაუგემ ანგარიში გახსნა. ნათელი გახდა, რომ „ინტერს“ არაფრის თავი ჰქონდა. 72-ე წუთზე ჰაკონ ევიენმა მეორე გოლი გაიტანა და 0:2 (ორი მატჩის ჯამში 5:1). „ნერაძურიმ“ მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო, რომელიც ალესანდრო ბასტონის აქტივშია. „ბოდო გლიმტმა“ 2:1 მოიგო, ორი მატჩის ჯამში 5:2 გაიმარჯვა და ისტორიის წერას აგრძელებს.
„ბოდო გლიმტს“ 25 ნოემბრის მერე არ წაუგია, როცა საკუთარ მოედანზე „იუვენტუსთან“ 2:3 დამარცხდა. მას შემდეგ, შინ „მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ დაამარცხა, სტუმრად „ატლეტიკო“ და „ინტერი“, ხოლო „დორტმუნდთან“ ფრეს გამორჩა. ნორვეგიული გუნდის მეტოქე მერვედფინალში „მანჩესტერ სიტი“ ან „სპორტინგი“ იქნება.
მერვედფინალშია „ნიუკასლი“, რომელსაც აზერბაიჯანში „ყარაბაღთან“ 6:1 ჰქონდა მოგებული და ცხადია, საქმე ბოლომდე მიიყვანა. „ჯორდებმა“ საკუთარ მოედანზეც მოიგეს, ოღონდ უფრო მოკრძალებულად - 3:2 და ორი შეხვედრის ჯამში 9:3 გაიმარჯვეს. „ნიუკასლის“ მომდევნო მეტოქე „ბარსელონა“ ან „ჩელსი“ იქნება.
მერვედფინალში იქნება „ლევერკუზენიც“, რომელმაც პირეოსში, „ოლიმპიაკოსთან“ მოპოვებული უპირატესობა (2:0), შინ მშვიდად დაიცვა - „ბაი არენაზე“ უგოლო ფრე დაფიქსირდა. „ლევერკუზენს“ მერვედფინალში „არსენალთან“ ან „ბაიერნთან“ თამაში მოუწევს.
„ნიუკასლი“ – „ყარაბაღი“ 3:2 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 9:3
გოლები: 1:0 ტონალი (4), 2:0 ჟოელინტონი (6), 2:1 დურანი (51), 3:1 ბოტმანი (52), 3:2 ჯაფარგულიევი (57)
„ინტერი“ – „ბოდო გლიმტი“ 1:2 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 2:5
გოლები: 0:1 ჰაუგე (58), 0:2 ევიენი (72), 1:2 ბასტონი (76)
„ლევერკუზენი“ – „ოლიმპიაკოსი“ 0:0 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 2:0







