ბერგამოს „ატალანტამ“ იტალიური ფეხბურთის ღირსება დაიცვა და დიდი სირცხვილისგან იხსნა.
დიდი საფრთხე იყო, რომ პირველად ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იტალიური გუნდი არ ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდება - „ატალანტამ“ მოიპოვა მერვედფინალის საგზური.
არადა, „ნერაძური“ რთული მისიის წინაშე იდგა, „დორტმუნდთან“ სტუმრად 0:2 ჰქონდა წაგებული და შინ მცირე სასწაული უნდა მოეხდინა, რაც შეძლო.
„ატალანტამ“ გერმანულ გუნდს თავიდანვე შეუტია და მეხუთე წუთზე დაწინაურდა. ანგარიში ჯანლუკა სკამაკამ გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს დავიდე ძაპაკოსტამ მეორე გოლი გაიტანა და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა.
მეორე ტაიმის სტარტზე ბერგამოელებმა კიდევ ერთხელ გაიტანეს. ამჯერად თავი მარიო პაშალიჩმა გამოიჩინა და 3:0 (ორი მატჩის ჯამში - 3:2). სწორედ ამის შემდეგ გამოფხიზლდა „დორტმუნდი“, რომელმაც შეტევაში გაიხედა, ჯერ მომენტები შექმნა და მერე გოლიც გაიტანა. 75-ე წუთზე კარიმ ადეიემიმ ლამაზი დარტყმით შეამცირა სხვაობა და საბოლოო ჯამში წონასწორობა აღადგინა.
ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა. არც იყო დრო დარჩენილი, ყველა მსაჯის სასტვენის მოლოდინში იყო, როცა გერმანელმა მეკარე გრეგორი კობელმა უხეში შეცდომა დაუშვა, მეტოქეს ბურთი ჩააბარა, ეს ეპიზოდი იმით დასრულდა, რომ ბენსაბაინიმ საჯარიმოში თამაშის წესი დაარღვია და წითელი ბარათი მიიღო, რაც მთავარია, პენალტი დაინიშნა, რომელიც ლაზარ სამარჯიჩმა გოლად აქცია და 4:1.
ორი მატჩის ჯამში „ატალანტამ“ 4:3 მოიგო და მერვედფინალშია, სადაც ლონდონის „არსენალს“ ან მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება.
„ატალანტა“ – „დორტმუნდი“ 4:1 (2:0) - ორი მატჩის ჯამში: 4:3
გოლები: 1:0 სკამაკა (5), 2:0 ძაპაკოსტა (45), 3:0 პაშალიჩი (57), 3:1 ადეიემი (75), 4:1 სამარჯიჩი (90, პენ)







