ტურინის „იუვენტუსს“ გმირობამდე ძალიან ცოტა დააკლდა, მაგრამ მერვედფინალში მაინც სტამბოლის „გალათასარაი“ გავიდა.
ჯერ პირველი მატჩი უნდა გავიხსენოთ: სტამბოლში „იუვე“ პირველი ტაიმის შემდეგ 2:1-ს იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში კაცნაკლული დარჩა და ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა, შედეგად, 2:5 დამარცხდა.
ამრიგად, საპასუხო მატჩის წინ ლუჩანო სპალეტის გუნდი განწირული ჩანდა, უიმედო ვითარება იყო. თუმცა, „იუვენტუსმა“ ტურინში საოცრად ითამაშა. პირველივე ტაიმში „იუვემ“ მოიპოვა უპირატესობა, რამდენიმე მომენტი შექმნა და ანგარიშის გახსნასთან ახლოს იყო. სწრაფი გოლი არ გამოუვიდა, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს მაინც დაწინაურდა. მანუელ ლოკატელიმ პენალტით ანგარიში გახსნა.
მეორე ტაიმი „იუვესთვის“ ცუდად დაიწყო: 48-ე წუთზე ტურინელებს ცენტრალური მცველი ლოიდ კელი გაუძევეს, საკმაოდ საკამათო ვითარებაში, რადგან ინგლისელ მცველს უხეშად განზრახ არ უთამაშია, სათამაშო ეპიზოდი იყო, მაგრამ მაინც გააძევეს.
მოკლედ, „იუვე“ უმძიმესი ამოცანის წინაშე დადგა: 10 კაცით მთელი მეორე ტაიმი უნდა ეთამაშა და კიდევ მინიმუმ ორი უპასუხო გოლი უნდა გაეტანა. არარეალური მისია ჩანდა. თუმცა, სპალეტის ბიჭებმა ის რეალურად აქციეს.
70-ე წუთზე „იუვენტუსის“ მცველების ჩართვა შეტევაში შედეგიანი გამოდგა - პიერ კალულუს პასით ფედერიკო გატიმ გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. ტურინელები მეტოქეს საფრთხის შექმნის უფლებას არ აძლევდნენ, 10 კაცით თავს იცავდნენ და შეტევებსაც აორგანიზებდნენ.
76-ე წუთზე ხეფრენ ტურამმა შესანიშნავად ითამაშა, საჯარიმოში შეიჭრა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ფრანგმა მცველმა არაზუსტად დაარტყა. სამ წუთში ქენან ილდიზი იყო გოლთან ახლოს, თუმცა, მისი დარტყმის შემდეგ თურქები ძელმა იხსნა. 10-კაციან „იუვეს“ ორი ძალიან რეალური მომენტი ჰქონდა.
თავდადებამ შედეგი გამოიღო: 82-ე წუთზე ვესტონ მაკკენიმ თავური დარტყმით გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა!
ძირითად დროში აღარაფერი შეცვლილა, დამატებითი დრო დაინიშნა, რომლის დასაწყისში „იუვენტუსს“ კიდევ ერთი საოცარი შანსი მიეცა: ედონ ჟეგროვას არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ გოლი გაეტანა, ახლო მანძილიდან ურტყამდა, ხელს არავინ უშლიდა - აცილება უფრო რთული იყო, ვიდრე გატანა, მაგრამ კოსოვოელმა ააცილა...
შეიძლება ითქვას, ეს საკვანძო მომენტი გამოდგა. შემდეგ „იუვეს“ დაღლილობა დაეტყო, ხოლო პირველი დამატებითი დრო რომ იწურებოდა, დაცვას ვიქტორ ოსიმენი გაეპარა, რომელმაც გაიტანა და 3:1. მეორე დამატებით დროში ტურინელებმა ისევ გაიბრძოლეს: ჟეგროვას კიდევ ერთი მაგარი მომენტი ჰქონდა, ამჯერად საჯარიმოში შესანიშნავად შეიჭრა, მაგრამ მეკარემ აჯობა, დამატებაზე ფილიპ კოსტიჩმა კარს ააცილა.
დრო გადიოდა, „იუვეს“ ძალა აღარ ჰქონდა და 119-ე წუთზე დაცვას კიდევ ერთხელ გაეპარა მეტოქის შემტევი, ბარიშ ილმაზმა ყველაფერი დაასრულა - 3:2.
„იუვენტუსმა“ ამ შეხვედრაში 72 წუთი რიცხობრივ უმცირესობაში ითამაშა, პლუს პირველ მატჩში 23 წუთი, გამოვიდა, რომ ორრაუნდიან ბრძოლაში მოედანზე 10 კაცით 95 წუთის განმავლობაში იყო, მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძოლა. ჩემპიონთა ლიგაზე სამბურთიანი ჩამორჩენა აქამდე მხოლოდ ოთხ გუნდს ამოექაჩა - "დეპორტივოს" ("მილანთან"), "ბარსელონას" (პსჟ-სთან), "რომას" ("ბარსელონასთან") და "ლივერპულს" ("ბარსელონასთან"), მაგრამ არცერთს 10 კაცით, "იუვე" ამასთან ძალიან ახლოს იყო, ძალიან...
„გალათასარაი“ მერვედფინალშია, სადაც „ტოტენჰემს“ ან „ლივერპულს“ შეხვდება.
„იუვენტუსი“ – „გალათასარაი“ 3:2 დ.დ (1:0) - ორი მატჩის ჯამში: 5:7
გოლები: 1:0 ლოკატელი (37, პენ), 2:0 გატი (70), 3:0 მაკკენი (82), 3:1 ოსიმენი (105), 3:2 ილმაზი (119)







