„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის 24-ე ტურში „ლე ავრთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
ესპანელმა სპეციალისტმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, შეაფასა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა, რის შედეგადაც პარიზელებს მეტოქედ „ჩელსი“ ერგოთ.
„როგორც ყოველთვის, წილისყრით ძალიან კმაყოფილი ვარ. კმაყოფილები ვართ, საინტერესო იქნება „ჩელსის“ წინააღმდეგ თამაში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისური გუნდია. კარგად ვიცნობთ მათ, მაგრამ შურისძიების გრძნობა არ გვექნება, რადგან ეს სხვა ტურნირია.
უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში, რაც ვიცით. თუმცა, რამდენიმე დადებითი ასპექტი არსებობს, რაც ოპტიმისტურ განცდას მიქმნის, გვაქვს უნარი გავუმკლავდეთ სხვადასხვა პრობლემებსა და გარემოებებს, რომლებიც მიმდინარე სეზონში გვქონდა.
მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში განსხვავება ისაა, რომ „ლანსი“ საოცარ სეზონს ატარებს. ჩვენ, ჩვენს დონეზე ვართ, ქულების ჯამური მაჩვენებლით, რომელიც ბოლო ორი სეზონის მაჩვენებლის თითქმის ექვივალენტურია. „ლანსი“ ძალიან კარგ ფორმაშია და ლიგაში ასეთი მეტოქის ყოლა მოტივაციას გვაძლევს.
არსებობს სხვადასხვა სახის ტრავმები, რაც ადვილი არ არის, მაგრამ ასეა. ადაპტაცია გიწევს. ჩვენთვის ნამდვილი პრობლემაა ფაბიანი რუისის მსგავსი მნიშვნელოვანი მოთამაშეების ყოლა. ვიმედოვნებთ, რომ ის რაც შეიძლება მალე დაბრუნდება ჩვენთან.
„ლე ავრი“ სატურნირო ცხრილში უფრო კომფორტულ პოზიციაზეა, ვიდრე წინა სეზონში. მის სტადიონზე თამაში ადვილი არასდროსაა, მაგრამ ჩვენთვის გამარჯვება მნიშვნელოვანია. მზად ვართ, რომ კარგად ვითამაშოთ.
მწვრთნელს სურს, ყველა ფეხბურთელი მზად უნდა იყოს, მაგრამ ამ სეზონში ეს შეუძლებელი იყო. გასული სეზონი ძალიან დაძაბული იყო და ამ სეზონში ამის ფასს ვიხდით. ფეხბურთელები მანქანები არ არიან, ისინი ადამიანები არიან. არაფრის დაგეგმვა არ შეგვიძლია, მუდმივად ადაპტირება გვიწევს.
არიან მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა პოზიციაზე თამაში. ამჟამად, ნახევარდაცვაში ბევრი ფიზიკური პრობლემა გვაქვს. არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობა და საუკეთესო გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 54 ქულით პირველ ადგილზეა და „ლე ავრს“ 24 თებერვალს დაუპირისპირდება.





