საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი მატჩი მოიგო.
ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა დანიის ნაკრებს სტუმრად ძალიან დამაჯერებლად აჯობა.
დანიელებმა საქართველოს კონკურენცია მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს, რომელიც ფრედ, 12:12 დასრულდა, მაგრამ მეორე პერიოდიდან ქართველოს უპირატესობა გამოიკვეთა (27:20) და საქართველო დიდ შესვენებაზე დაწინაურებული გავიდა.
გარდამტეხი გამოდგა მესამე პერიოდი, რომელიც ჯიკიჩის გუნდმა 38:15 მოიგო და ბოლო პერიოდს აზრი დაეკარგა. ამიტომაც, სკანდინავიელებმა ბოლოს შეამცირეს სხვაობა, თუმცა უმნიშვნელოდ. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 89:71 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრებში 24 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. კარგი დებიუტი ჰქონდა მარკის რიდს, რომელმაც 18 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. შესანიშნავად ითამაშა კიდევ ერთმა დებიუტანტმა ალექსანდრე მერკვილაძემ - 12 ქულა ჩააგდო და 100%-იანი სიზუსტით ისროლა. გუნდს 13 ქულით დაეხმარა დუდა სანაძე.
საქართველოს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ ჯგუფში 1 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი, 2 მარტს, ისევ დანიის ნაკრებთან გამართავს, ოღონდ ამჯერად თბილისში.
დანია - საქართველო 71:89 (12:12, 20:27, 15:38, 24:12)







