საქართველოს საკალათბურთო ნაკრების დებიუტანტმა ალექსანდრე მერკვილაძემ დანიასთან მატჩის (89:71) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„მადლიერი ვარ ჩემი მწვრთნელების და შტაბის, რომ ნდობა გამომიცხადეს და ასეთ მატჩში მათამაშეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიცით, რა დონის მოთამაშეები გვყავს ჩემს პოზიციაზე, განსაკუთრებით თოკო, ბურჯანაძე, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს, კორსანტია.
მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ჩემმა მწვრთნელებმა მასწავლეს, რომ ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯო. ქულებს დავაგროვებ თუ არა, ვცდილობ სწორად ვიმოქმედო, ვითამაშო დაცვაში და შევასრულო დავალებები, რასაც მწვრთნელი მთხოვს. ეს გავაკეთე დღესაც. მადლობა რომ მათამაშეთ“, - თქვა მერკვილაძემ.
23 წლის კალათბურთელმა 18 წუთში 12 ქულა ჩააგდო, მან 4-დან 4 სამქულიანი ზუსტად ისროლა და ჩინებული დებიუტი გამოუვიდა.
საქართველოს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ ჯგუფში 1 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი, 2 მარტს, ისევ დანიის ნაკრებთან გამართავს, ოღონდ ამჯერად თბილისში.







