საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა დანიასთან მატჩის (89:71) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, მთავარია, რომ მოიგეს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი თამაშის განმავლობაში კონცენტრაცია ვერ შეინარჩუნეს.
„ვეთამაშეთ ძლიერ, აგრესიულ, აქტიურ, ათლეტურ და მოძრავ გუნდს, რომელიც არასდროს ნებდება. კარგად ვითამაშეთ. მესამე მეოთხედში რამდენიმე სროლა ჩავაგდეთ, ხოლო მეოთხეში უკვე სხვა ტიპის თამაში გამოვიდა. მეოთხე პერიოდით ძალიან კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ გამარჯვებით კმაყოფილი ვარ. ვიცით, რა მოხდა ბოლოს, როცა აქ ვითამაშეთ - მათ მოგვიგეს. თამაში ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორსაც ველოდით. სამ დღეში ისევ იმავე მეტოქეს უნდა შევხვდეთ. ველოდი, რომ ჩვენი მოთამაშეები სრულ 40 წუთს შეინარჩუნებდნენ იმავე კონცენტრაციას და მიდგომას. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვიგეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
შენგელიამ ითამაშა მატჩი, მერე თვითმფრინავში ჩაჯდა, გადაჯდომით ჩამოფრინდა კოპენჰაგენში და პირდაპირ თამაშზე გავიდა. ერთად ვარჯიშიც კი არ გვქონია. წარმოიდგინეთ, ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს. ეს ფაქტია. ძალიან კმაყოფილი ვარ მარკისის მიდგომით და დამოკიდებულებით. ვიცით, რომ შეტევაში კიდევ უფრო ეფექტური შეიძლება იყოს. დაცვაში საკმაოდ კარგი იყო, ბევრი შეცდომა არ დაუშვია. ვსწავლობთ ერთად თამაშს. ეს პროცესია. სამწუხაროდ, ფანჯრების სისტემა არ გაძლევს საშუალებას, ცოტა მეტი დრო გაატარო ერთად, რაც მხოლოდ ჩვენ არ გვეხება.
რიდი გუნდის ნაწილია, რომელსაც პასპორტი აქვს. კამარ ბოლდუინიც დაბრუნდება. ასე რომ, რომ ორი ძალიან კარგი მოთამაშე გვყავს. ხშირად ვერ ვიაზრებთ, რომ მოთამაშეები რეალურად მსხვერპლს იღებენ, როცა ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ და ეს მხოლოდ ნატურალიზებულებს არ ეხება, ყველას ეხება. სეზონის დასრულებისთანავე ახალი შეკრება იწყება. ფაქტობრივად, შენს სეზონს კიდევ დაახლოებით სამი კვირით ახანგრძლივებ. ეს კი სარისკოა და დამღლელიც. ზოგჯერ ვერ ვხვდებით, რამდენად რთულია ეს. პირდაპირ რომ გიპასუხოთ, იმედი გვაქვს, რომ ორივე ხელმისაწვდომი იქნება. შევაფასებთ მდგომარეობას გუნდში და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გუნდისთვის საუკეთესო იქნება.
უკრაინასთან მართლაც უცნაური თამაში იყო, რა თქმა უნდა, გვაქვს, მოგების შანსი. ესპანეთი ჯგუფის დანარჩენ გუნდებთან შედარებით სხვა დონეზეა. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი შემადგენლობებით იქნებიან გუნდები ზაფხულში. არ გამიკვირდება, შენგელიას ბარსელონა პლეი-ოფში შორს გავა, ეს კი ნიშნავს, რომ გრძელი პლეი-ოფის შემდეგ ძალიან გადაღლილი იქნება. უნდა ვნახოთ, რა მოხდება NBA-ის ჩვენს მოთამაშეებთან დაკავშირებით. ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან“, - თქვა ჯიკიჩმა.
საქართველოს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ ჯგუფში 1 მოგებით და 2 წაგებით მესამე ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი, 2 მარტს, ისევ დანიის ნაკრებთან გამართავს, ოღონდ ამჯერად თბილისში.







