ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული პროფესიონალურ რინგზე წარმატებულ სვლას განაგრძობს. ქართველმა მოკრივემ კარიერაში მესამე ბრძოლა ინგლისის ქალაქ დერბიში ჩაატარა და მექსიკელი მეტოქე ბენიტო გარსია ექვსრაუნდიან დაპირისპირებაში, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
შეხვედრა თავიდანვე ქართველი სპორტსმენის უპირატესობით წარიმართა. გურული აქტიურად მოქმედებდა როგორც დისტანციაზე, ისე ახლო ბრძოლაში. ზუსტად იყენებდა ჯებს და ეფექტურად აჩერებდა მეტოქის შეტევებს. ექვსივე რაუნდში მან ტემპი და კონტროლი შეინარჩუნა, რის შედეგადაც მსაჯებმა გამარჯვება დამსახურებულად მის სასარგებლოდ დააფიქსირეს.
(გურული - გარსიას ბრძოლა 9:50 წუთიდან)
ლაშა გურულისთვის ეს პროფესიონალურ კარიერაში მესამე გამარჯვებაა და ჯერჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობს. მისი პროფესიონალური დებიუტი 2025 წლის 15 მარტს მშობლიურ რუსთავში შედგა, სადაც განელ ბერნარდ ების სძლია და კარიერა წარმატებით დაიწყო. მეორე ბრძოლა კი ლონდონში გაიმართა, სადაც ქართველმა მოკრივემ ინგლისელ ჯეიმს ფრენსისს მეხუთე რაუნდში აჯობა და ტექნიკური ნოკაუტით შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.
გურულის პროფესიონალური სტარტი აშკარად აჩვენებს, რომ იგი ეტაპობრივად იმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო რინგზე. ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ, ქართველი მოკრივე ახალ გამოწვევებს წარმატებით პასუხობს და გამოცდილებას სწრაფად აგროვებს. დიდი ალბათობით ქართველი 2026 წელს კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს.







