ძიუდო

14:25 | 1.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ბექაურის დაუმარცხებელი სვლა ტაშკენტში - ქართველი ოქროს მედალთან ერთ ნაბიჯშია

ლაშა ბექაურმა 2026 წელი წარმატებულად დაიწყო. ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში გავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა მიმდინარე ტურნირზე 4 მეტოქე დაამარცხა.

ლაშამ პირველივე შეხვედრაში რუმინელ ალექს კრეცის იპონით სძლია და ნათლად აჩვენა, რომ ტურნირზე მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. მერვედფინალში მის წინააღმდეგ უზბეკი დავლათ ბობონოვი გამოვიდა, თუმცა ბექაურმა არც ამ ბრძოლაში დატოვა კითხვის ნიშნები - კვლავ იპონით მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე კორეელი კიმ იონჰონი იყო. შეხვედრა საკმაოდ დინამიკურად წარიმართა, მაგრამ საბოლოოდ ბექაურმა კიდევ ერთხელ შეძლო იპონით გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. იაპონელ რიკუ ოკადასთან ამჯერად ბრძოლა შედარებით თანაბარი გამოდგა, თუმცა ბექაურმა საჭირო მომენტში ვაზარი აიღო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა, რითაც ოქროს მედლისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

სამწუხაროდ, ყველა ქართველმა ძიუდოისტმა ვერ შეძლო წარმატებული სვლა. ტურნირს ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშნენ -100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ონისე სანებლიძე და თორნიკე ფოლადიშვილი, ხოლო +100 კგ-ში გელა ზაალიშვილი და საბა ქარდავა.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, სადაც მედლების ბედი საბოლოოდ გაირკვევა. ბექაურის მეტოქე კი აზერბაიჯანელი მურად ფატიევი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველ სპორტსმენებს მიმდინარე ტაშკენტის გრანდ სლემზე ჯერ მედალი არ მოუპოვებიათ და დიდი შანსია, რომ მესამე დღეს ოქროს მედალი მოვიპოვოთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094285