crocobet დიდი 10-ის მე-16 ტურის დასკვნით მატჩში, ქუთაისის ‘არესმა’ სტუმრად ‘გორი’ 29:28 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გამაგრდა.
ქუთაისელებს 56 ქულა მოუგროვდათ და ორით ჩამორჩებიან ლიდერ ‘ბათუმს’, ‘აიას’ კი 6 ქულით უსწრებენ. ‘გორს’ ბოლო ლელო რომ გარდაესახა გამარჯვებას მოიპოვებდა და ბოლო ადგილს თავს დააღწევდა, ასე კი მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა და 16 ქულით კვლავ მე-10 ადგილზეა. ის ‘ყაზბეგს’ 2 ქულით ჩამორჩება და დიდ 10-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
გორში მასპინძლები მამუკა ნინიძის ჯარიმით დებიუტშივე დაწინაურდნენ და ცოტნე კვესელავას სინბინის გამო რიცხობრივი უპირატესობაც მოიპოვეს, მაგრამ კაცნაკლული სტუმრებისგან მე-9 წუთზე ლელო მიიღეს. თავი იაგო ხაბულიანმა გამოიჩინა, ტაიმის შუაში კი ‘არესის’ მეორე ლელო დავით კვირიკაშვილმა გაიტანა და ამჯერად სანდრო ფურცხვანიძის გარდასახვაც ზუსტი იყო.
28-ე წუთზე კვირიკაშვილმა უკვე ყვითელი ბარათი მიიღო და ნინიძემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო ტაიმის ბოლოს ლაშა დონაძის ლელო გარდასახა და მასპინძლებს ტაიმი 13:12 მოაგებინა.
48-ე წუთზე საბა ჯღარკავას სინბინის შემდეგ კაცნაკლული უკვე ‘გორი’ დარჩა და ფურცხვანიძემ ჯარიმით ქუთაისელებს ლიდერობა დაუბრუნა. 55-ე წუთზე სოლომონ რაუნგეს ლელოთი და ფურცხვანიძის გარდასახვით ‘არესმა’ უპირატესობა გაზარდა, მაგრამ შიდა ქართლელებმა 5 წუთის ინტერვალით ორი ლელო გაიტანეს და უპირატესობა დაიბრუნეს. თავი აპილემეკი ნამბოლენგამ და დავით მთვარაძემ გამოიჩინეს.
‘არესმა’ თავისი მე-4 ლელო 69-ე წუთზე გაიტანა. 5 ქულა ზაალ ცქიფურიშვილმა მიითვალა, ფურცხვანიძემ კი როგორც აღმოჩნდა გადამწყვეტი გარდასახვა გაიტანა. 5 წუთში ‘გორმა’ მთვარაძის მეორე ლელოთი ჩამორჩენა 1 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო და ‘არესმა’ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა - 29:28. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მურთაზ ცხადაძე გახდა.
RUGBY.GE







