ირანის ნაკრების ყოფილმა მეკარემ რაშიდ მაზაჰერიმ რამდენიმე დღის წინ ინსტაგრამში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ირანის აწ უკვე ყოფილ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის სატანა უწოდა.
სწორედ ამ პოსტის შემდეგ 36 წლის ფეხბურთელის კვალი ქრება. უცნობია, მისი მდგომარეობა და საერთოდ, ცოცხალია თუ არა.
„ირანელები არასდროს დაივიწყებენ თქვენი სისხლისმსმელი კლანჭების მიერ ჩვენი შვილების უდანაშაულო სხეულებზე დაღვრილ სისხლს. თქვენ ათასობით ახალგაზრდის სიცოცხლე ფერფლად აქციეთ. ისტორია განსჯის, როგორც დამნაშავესა და მკვლელს. ახლა კი, სატანა, შენი მეფობა ამ დედამიწაზე დასრულდა. შენ აღარ ხარ ხელისუფლებაში, შენი ტირანია დასრულდა. შიშის კედელი ჩამოინგრა და ირანელი ხალხი აღარ დახრის თავს შენს წინაშე. რაშიდი არ ნებდება, არ ეშინია და არ გაჩუმდება. ეს თავისუფალი ირანული გამონათქვამის ხმაა: საკმარისია! შენი დრო დასრულდა და გამარჯვება ხალხს ეკუთვნის“, - წერდა მაზაჰერი, მაგრამ პოსტი მალევე წაიშალა.
ფეხბურთელის ოჯახში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ხოლო რაშიდის კვალი ქრება - მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
მაზაჰერის მეუღლემ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ასეთი პოსტი: „როგორც რაშიდ მაზაჰერის მეუღლე, ვაცხადებ, რომ ის წლების განმავლობაში უძლებდა დაუსრულებელ ზეწოლას, დაპატიმრებებიდან და შეთითხნილი საქმეებიდან დაწყებული, მუქარითა და შევიწროებით დამთავრებული. დღეს ამას ნათლად და შიშის გარეშე ვამბობ: ჩემი ქმრის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა რისკის მიუხედავად, მამაცურად დარჩა სამშობლოში, პირდაპირ მთავრობას ეკისრება. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაგრამ ღირსებას - არა“.
აღსანიშნავია, რომ ირანის ლიდერი 28 თებერვალს, ისრაელისა და აშშ-ს თავდასხმის შედეგად მოკლეს.
რაშიდ რამაზანიმ ირანში „ზობ აჰანის“, „ტრაკტორის“, „ესტეღლალის“, „სეპაჰანის“, „პაიკანის“, „ფოლადის“ და „ნასაჯის“ რიგებში ითამაშა, ხოლო ეროვნულ ნაკრებში სამი მატჩი ჩაატარა, მათ შორის, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზეც 23-კაციან განაცხადში იყო.







