ტურინის „იუვენტუსმა“ ვესტონ მაკკენისთან კონტრაქტის განახლების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
27 წლის ამერიკელს ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურებოდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ხელში მისი ჩაგდების სურვილი „ინტერმა“, „მილანმა“, „რომამ“, „ატლეტიკომ“ და ამერიკულმა კლუბებმა გამოხატეს, მაგრამ ფეხბურთელმა უპირატესობა „იუვეს“ მიანიჭა.
მაკკენიმ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე განაახლა და სეზონში მისი ხელფასი 4 მილიონი ევრო იქნება. აღსანიშნავია, რომ ის ძველი კონტრაქტით 2.5 მილიონს გამოიმუშავებდა.
ვესტონ მაკკენი „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობს და 220 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 26-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. კარიერის განმავლობაში მას „შალკესა“ და „ლიდსშიც“ უთამაშია.





