8 მარტს ბორჯღალოსნები 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ტრადიციულ მეტოქე რუმინეთს დაუხვდებიან და ფინალის საგზურთან ერთად, წლის პირველი თასის მოგებას შეეცდებიან. შეხვედრა „ავჭალაზე“ 15 საათზე დაიწყება.
ჩვენ და რუმინეთი
ბორჯღალოსნებს 37 წლის განმავლობაში 293თამაში აქვთ ჩატარებული და აქედან ყველაზე მეტი რუმინეთთან - 30. წლების წინ „მუხები“ ჩვენს მთავარ კონკურენტებად ითვლებოდნენ და პირველი 9 დაპირისპირებიდან 7 მოიგეს (1998-2006 წლები), მერე კი სიტუაცია შეიცვალა.
მას შემდეგ 21თამაშიდან საქართველომ 18 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორი დათმო (2010 და 2017 წლებში). ჯამში ბორჯღალოსნებმა მოიგეს 20თამაში (აქედან ბოლო 9 ზედიზედ), ერთი ფრედ დაასრულეს და დათმეს 9; გაიტანეს 78ლელო და 703 ქულა, თავად კი 39 ლელო და 457 ქულა მიიღეს.
რუმინეთმა თბილისში წარმატებას ბოლოს 2003 წელს მიაღწია (19:6), სარეკორდო სხვაობით კი – 6:56 2023 წელს თბილისში დამარცხდა. მაშინ საქართველომ მეტოქეს 8 უპასუხო ლელო გაუტანა და ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაზე მეტი ქულა მოიხვეჭა.
მას შემდეგ რუმინეთი ორჯერ ეწვია საქართველოს და ორივეჯერ ერთნაირი ანგარიშით - 5:43 დამარცხდა.
2002 წლიდან ერთმორწმუნე ბორჯღალოსნებსა და „მუხებს“ შორის თამაშდება ანთიმოზ ივერიელის თასი (მსოფლიო თასის და მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის გარდა), რომელსაც დღემდე საქართველო 19-ჯერ, რუმინეთი კი 6-ჯერ ფლობდა. შესაბამისად, 8 მარტს გამარჯვებით ბორჯღალოსნები მე-20-ედ მოიპოვებენ ანთიმოზ ივერიელის თასს და გავლენ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რომელიც 15 მარტს მადრიდში გაიმართება.
რაგბი რუმინეთში
რუმინული რაგბის ისტორია 1913 წლიდან იწყება, როდესაც ადგილობრივი სტუდენტები პარიზიდან შინ დაბრუნდნენ და თან რაგბის ბურთი ჩაიტანეს. ახალმა თამაშმა დედაქალაქ ბუქარესტში სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ქალაქში ერთი მეორეს მიყოლებით 18 სარაგბო კლუბი დაარსდა.
რუმინეთის ეროვნული ნაკრები პირველად 1919 წელს შეიკრიბა და აშშ-სთან 0:21 დამარცხდა. რუმინეთი ერთ-ერთი იყო იმ სამი ქვეყნიდან, რომელმაც 1924 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში ითამაშა და მესამე ადგილი დაიკავა.
რუმინეთის რაგბის კავშირი 1931 წელს დაარსდა და 1934 წელს რაგბი ევროპის, ხოლო 1987 წელს მსოფლიო რაგბის წევრი გახდა. ნაკრებმა ყველაზე დიდი სხვაობით - 100:0 ბულგარეთი დაამარცხა 1976 წელს, ხოლო თავად ინგლისთან დამარცხდა - 0:134 2001 წელს.
საქართველოს შემდეგ, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონი 17-ჯერ გახდა, რუმინეთი 5 ტიტულით მეორე ადგილს იკავებს. ამ ქვეყნების დავაში მხოლოდ ერთხელ, 2004 წელს ჩაერია პორტუგალია და იმდროინდელი დებულების თანახმად, ორი წლის ჯამში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1987 წლიდან დღემდე, რუმინეთი ერთის გარდა ყველა მსოფლიო თასის მონაწილეა. მან 2019 წლის ჩემპიონატი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. 2011 წლის მსოფლიო თასზე საქართველომ რუმინეთი ახალ ზელანდიაში, პამერსთონში 25:9 დაამარცხა. ეს გუნდები ერთმანეთს 2027 წლის მსოფლიო თასზეც შეხვდებიან (3 ოქტომბერს ავსტრალიასთან).
მოცემული მომენტისთვს რუმინეთი მსოფლიო რეიტინგში 60.69 ქულით 21-ე ადგილს იკავებს.







