ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში ლონდონის „არსენალმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ უპირატესობა გაზარდა.
მიკელ არტეტას გუნდმა სტუმრად „ბრაიტონ ალბიონი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. მატჩის ბედი ბუკაიო საკას გოლმა გადაწყვიტა. ინგლისელმა შემტევმა მეცხრე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
პარალელურად, „მანჩესტერ სიტიმ“ ქულები დაკარგა, რომელმაც შინ აუტსაიდერ „ნოტინგემ ფორესტს“ ვერ მოიგო. არადა, პეპ გვარდიოლას გუნდი ორჯერ იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერცერთხელ შეინარჩუნა.
ანგარიში ანტუან სემენიომ გახსნა და პირველი ტაიმი ასე დასრულდა. მეორე ნახევრის სტარტზე მორგან გიბს-ვაითმა წონასწორობა აღადგინა, რასაც 62-ე წუთზე როდრიმ მეორედ დააწინაურა „სიტი“. თუმცა, 76-ე წუთზე ანდერსონმა კიდევ ერთხელ გაათანაბრა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ფრე 2:2.
ამრიგად, „არსენალი“ „მანჩესტერ სიტის“ უკვე 7 ქულით უსწრებს (67-60), მაგრამ „სიტის“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო ტურში „არსენალი“ „ევერტონს“ უმასპინძლებს, „მანჩესტერ სიტი“ „ვესტ ჰემს“ ესტუმრება.
ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „ასტონ ვილას“ მისსავე მოედანზე 4:1 მოუგო და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო. თავიდან უნაი ემერის გუნდი იგებდა დუგლას ლუისის ლამაზი გოლით, მაგრამ შემდეგ ჟოაო პედრომ ისევ გაიბრწყინა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა, ერთიც კოულ პალმერმა გაიტანა. „ჩელსი“ 48 ქულით მეხუთე ადგილზეა, „ასტონ ვილა“ 51 ქულით მეოთხე საფეხურს იკავებს.





