ფეხბურთი

19:57 | 5.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "იქ ვართ, სადაც ყოფნა გვინდოდა, მაგრამ ახლა სეზონის ყველაზე ლამაზი ნაწილი იწყება"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში „მონაკოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

ესპანელმა სპეციალისტმა სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა სეზონის ყველაზე ლამაზი ნაწილი იწყება.

„საფრანგეთის ჩემპიონატი რთულია, ყოველთვის ასე იყო. ყველა მატჩი, განსაკუთრებით გასვლითი თამაშები, რთულია. „ლე ავრის“ წინააღმდეგ ბოლომდე კონცენტრირებული უნდა ვყოფილიყავით. რთული იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ.

სეზონის საუკეთესო ნაწილი იწყება. ბევრი ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა გავაკეთეთ აქამდე და რა უნდა გავაუმჯობესოთ. გვინდა, რომ ფეხბურთელებi ფეხბურთის თამაშით დატკბნენ.

„მონაკოსთან“ სამი ქულა გვჭირდება. მოუთმენლად ველოდებით. მათ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზეც გვითამაშია, ამიტომ კარგად ვიცნობთ.

შევინარჩუნებთ ჩვენს მენტალიტეტს და გვსურს, რომ განვახორციელოთ ის, რაზეც ვიმუშავეთ. მეტოქეს შეუძლია ისე ითამაშოს, როგორც სურს, მაგრამ იმაზე ვართ კონცენტრირებულები, რაც ვიცით, როგორ გავაკეთოთ. ჩვენი მიზანი კი სამი ქულის მოპოვებაა.

როდესაც ფეხბურთელები ტრავმის შემდეგ ბრუნდებიან, დემბელეს ან მაიულუს მსგავსად, ეს ყოველთვის კარგი ამბავია. გვიხარია, რომ ისინი ისევ ჩვენთან არიან. თუმცა, ყველას მდგომარეობას ყურადღებით უნდა მივუდგეთ და გადაწყვეტილებები შესაბამისად მივიღოთ.

ბარკოლას ბევრი სათამაშო დრო ჰქონდა, ბევრს თამაშობს და კარგადაც. მას შეუძლია შეტევის ხაზში რამდენიმე პოზიციაზე თამაში. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვიცით, რომ მას კიდევ უფრო კარგად თამაშიც შეუძლია.

ყოველთვის პოზიტიურ მომენტებს ვეძებ. ამჟამად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვართ. ლიგა 1-ში გარკვეული სირთულეები იყო, მაგრამ პირველ ადგილზე ვართ. სეზონის ამ ეტაპზე იქ ვართ, სადაც ყოფნა გვინდოდა.

ტრავმები? ვცდილობთ, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განვიხილოთ. ყველა მოთამაშის სათამაშო დროს ერთნაირად არ ვმართავთ. ზოგს რიტმი სჭირდება, ზოგს კი დასვენება. თუმცა, ვფიქრობ, რომ პერსონალი ძალიან კარგად მუშაობს.

უორენი ნამდვილი პარიზელია. ის მოედანზეც და მის გარეთაც ძალიან კარგად იქცევა. დიდი პატივია, რომ ჩემს გუნდში ასეთი მოთამაშეა. ის მალე 20 წლის გახდება და ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ერთადაა“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მონაკოს“ მატჩი 6 მარტს, 23:45 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172477