ფეხბურთი

1:57 | 6.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ერთადერთი ქულა გასავარდნი ზონისგან: "ტოტენჰემის" ზედიზედ მეხუთე წაგება

ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურში „ტოტენჰემმა“ „კრისტალ „პალასს“ უმასპინძლა და მორიგი მარცხი განიცადა.

ლონდონურ გუნდს ვერც იგორ ტუდორი შველის და „დეზები“ დიდ კრიზისში არიან.

„ტოტენჰემი“ 34-ე წუთზე დომინიკ სოლანკეს გოლით დაწინაურდა, მაგრამ ოთხ წუთში მასპინძლებს მიკი ვან დე ვენი გაუძევეს და პენალტიც დაინიშნა, რომელიც ისმაილა სარმა გაიტანა. პირველ ტაიმში იორგენ სტრანდ ლარსენმა წინ გაიყვანა ოლივერ გლაზნერის გუნდი, ხოლო მეშვიდე კომპენსირებულ წუთზე ისმაილა სარმა დუბლი შეასრულა და 1:3.

ორბურთიანი ჩამორჩენა და 10-კაციანი „ტოტენჰემი“ - თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ამიტომაც იყო, რომ გულშემატკივარმა სტადიონის დატოვება მაშინ დაიწყო, როცა პირველი ტაიმიც არ იყო დასრულებული.

„ტოტენჰემს“ პრემიერლიგაში ბოლო ხუთ თამაშში ქულაც არ მოუპოვებია და 28 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია, უკვე ზედიზედ 11 მატჩია. შედეგად, 29 ქულით მე-16 ადგილზე რჩება, გასავარდნ ზონას მხოლოდ ერთადერთი ქულით უსწრებს. „კრისტალ პალასი“ 38 ქულით მე-13 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092582