ფეხბურთი

2:11 | 7.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ცუდი სერია ბოლო წუთზე გამარჯვებით შეწყვიტა

ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში მადრიდის „რეალი“ ვიგოს „სელტას“ ესტუმრა, რომელსაც დრამატულ ბრძოლაში 2:1 სძლია.

„რეალი“ ორელინ ჩუამენის გოლით დაწინაურდა, რასაც მალევე ბორხა იგლესიასმა უპასუხა და წონასწორობა აღადგინა.

ეს ანგარიში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნა. მეტიც, მატჩის მიწურულს „სელტას“ წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ იაგო ასპასის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. „რეალს“ შეტევაში არაფერი გამოსდიოდა, თითქოს, ზედიზედ ორი წაგების შემდეგ კიდევ ვერ უნდა მოეგო, მაგრამ 94-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდემ შორი მანძილიდან დაარტყა, ბურთი მცველს მოხვდა და კარში აღმოჩნდა.

შედეგად, „სამეფო კლუბმა“ ურთულეს ბრძოლაში მოიგო და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

„რეალი“ ლა ლიგაში 63 ქულით მეორე ადგილზეა, „ბარსელონას“ ქულით ჩამორჩება, მაგრამ კატალონიელებს ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ. ალვარო არბელოას გუნდი მომდევნო ტურში 14 მარტს, „ელჩეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164752