ფეხბურთი

20:34 | 7.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძე ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „ჰოფენჰაიმს“ დაუხვდა და მორიგი მარცხი განიცადა.

„ჰოფენჰაიმი“ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და ბოლოადგილოსანთან დაგეგმილი ქულები მოიპოვა. პირველი ტაიმი ზინსჰეიმელებმა 2:0 მოიგეს, მეორე ნახევარში მასპინძლებმა გაიბრძოლეს, მაგრამ საბოლოოდ, „ჰაიდენჰაიმი“ 2:4 დამარცხდა.

ბუდუ ზივზივაძე 8 ნოემბრის შემდეგ პირველად იყო ძირითად შემადგენლობაში და შეუცვლელად ითამაშა. მას გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ცოტა დააკლდა. ქართველ ფორვარდს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი (აინტრახტის წინააღმდეგ).

„ჰაიდენჰაიმი“ 25 ტურის შემდეგ 14 ქულით ბოლო ადგილზეა და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, რადგან გარდა იმისა, რომ სამშვიდობო ზონასთან ჩამორჩენა სოლიდურია (8 ქულა), გუნდის თამაშის ხარისხი მთელი სეზონია სავალალოა. მომდევნო ტურში ფრანკ შმიდტის გუნდი 14 მარტს, „აინტრახტს“ ესტუმრება.

„ჰამბურგმა“ სტუმრად „ვოლფსბურგი“ 2:1 დაამარცხა. თავიდან „მგლები“ კრისტიან ერიკსენის პენალტით იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა ასევე პენალტებით ორი გოლი გაიტანეს და შინ სამი ქულა წაიღეს.

გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშში მხოლოდ 86-ე წუთზე ჩაერთო. ქართველ მცველს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 20 თამაში აქვს ჩატარებული და ერთხელ საგოლე პასი მიითვალა, ხოლო სამჯერ გერმანიის თასზეც ითამაშა.

„ჰამბურგი“ 29 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 მარტს, „კიოლნს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086