სლოვაკეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ტრნავას „სპარტაკმა“ სტუმრად „ჟილინა“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი ლუკა ხორხელმა გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი მეოთხე წუთზე დალაშქრა და შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-16 თამაშში თავი მეორედ გამოიჩინა (1 საგოლე პასი).
ხორხელი 79-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი გიორგი მოისწრაფიშვილი მოედანზე 69-ე წუთამდე იყო. „ჟილინაში“ შეუცვლელად ითამაშა ალექსანდრე ნარიმანიძემ.
„ტრნავა“ 40 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 მარტს, „დუნაისკა სტრედას“ უმასპინძლებს. „ჟილინა“ 40 ქულით მესამეა და 15 მარტს, „სლოვანს“ ესტუმრება.







