ესპანეთის ლიგა ენდესას 21-ე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ სტუმრად „მანრესასთან“ 80:86 დამარცხდა.
„მანრესამ“ აჯობა მეტოქეს, სამი პერიოდი მოიგო და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.
მარცხის მიუხედავად, შერმადინი საუკეთესო იყო. გიორგიმ არასრულ 24 წუთში 24 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი და 11-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29 აღმოჩნდა და შეიძლება ტურის MVP-ის ტიტულის მოპოვების შანსიც მიიღოს.
შერმადინი ლგა ენდესაში „ტენერიფე“ ყველა დროის საუკეთესო მექულეც გახდა. მან ამ შეხვედრაში ხერმან გონსალესს გადაასწრო, რომლის აქტივში თავის დროზე 3 191 ქულა იყო, ხოლო ქართველის აქტივში უკვე 3 194 ქულაა.
გიორგის გარდა, „ტენერიფეში“ მარსელინო უერტასიც ბრწყინვალე იყო 20 ქულით და 8 პასით, მაგრამ გუნდის ლიდერებს სხვებმა მხარი ვერ აუბეს.
„ტენერიფე“ 12 მოგებით და 9 წაგებით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 მარტს, „ვალენსიას“ უმასპინძლებს.







