რაგბი

12:44 | 8.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ორი ცენტურიონი ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება

ორმა ბორჯღალოსანმა, ცენტურიონებმა - ალექსანდრე თოდუამ და შალვა მამუკაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულეს. მათი ოფიციალური გაცილება 8 მარტს, 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, საქართველოსა და რუმინეთის მატჩის დროს, „ავჭალაზე“ შედგება.

სიმბოლურია, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტული ყველაზე მეტჯერ - 15-ჯერ სანდრო თოდუას აქვს მოგებული, ხოლო შალვა მამუკაშვილი თასს 12-ჯერ დაეუფლა.

ალექსანდრე თოდუა

ალექსანდრე თოდუამ რაგბის თამაში თბილისის ‘ლელოში’ დაიწყო. 2012-2014 წლები მან ფრანგული პრო დე2-ის ‘ალბიში’ გაატარა, მერე კი მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა. 2018 წელს თოდუა ‘ბათუმში’ გადავიდა, 2021 წლიდან კი ‘შავი ლომის’ მოთამაშე გახდა.

საკლუბო დონეზე ის 5 ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი - 3-ჯერ ‘ლელოს’ და 2-ჯერ ‘ბათუმის’ შემადგენლობაში, ხოლო ‘შავ ლომთან’ ერთად 4-ჯერ მოიგო რაგბი ევროპის სუპერ თასი. ალექსანდრე თოდუას სანაკრებო დებიუტი 2008 წელს ჩეხეთთან 22:3 მოგებულ შეხვედრაში შედგა. ეს იყო ჩვენი გუნდის მე-100 მატჩი ისტორიაში და თოდუა 180-ე მოთამაშე გახდა, რომელმაც ბორჯღალოსნების კვართი მოირგო.

2025 წლის ჩათვლით, თოდუამ ჯამში 122 სანაკრებო, ოფიციალური თამაში ჩაატარა. ამ მაჩვენებლით ის დავით კაჭარავას გაუტოლდა და ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, მასთან პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. ფრთაზე მოთამაშე თოდუას ანგარიშზე 20 სანაკრებო ლელოა. პირველი ლელო მან 2009 წელს აშშ-ს გაუტანა. ის ოთხი მსოფლიო თასის მონაწილეა (2011, 2015, 2019, 2023) და ორ შეხვედრაში შეძლო ლელოს გატანა (ურგვაისთან და ავსტრალიასთან). 38 წლის სანდრო თოდუა მოთამაშის კარიერას განაგრძობს. ის ცოტა ხნის წინ თბილისის ‘წიქარას’ შეუერთდა.

შალვა მამუკაშვილი

შალვა მამუკაშვილმა რაგბის თამაში ‘ყოჩებში’ დაიწყო, საიდანაც 2012 წელს ‘არმიაში’ გადავიდა და ორი სეზონი ამ გუნდში გაატარა. 2014 წლის შემდეგ ის ლეგიონერი გახდა და ითამაშა ევროპის სამივე უძლიერეს ჩემპიონატში - ინგლისში ‘სეილ შარქსსა’ (2014-2015) და ‘ლესთერ თაიგერსში’ (2020); გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში შოტლანდიურ ‘გლაზგო უორიორსში’ (2015-2016); საფრანგეთის ტოპ 14-ში ‘მონპელიესა’ (2016-2017) და ‘ტულონში’ (2017). გარდა ამისა, 2017-2019 წლებში ითამაშა საფრანგეთის პრო დე2-ის ‘კარკასონში’ და თბილისის ‘ლოკომოტივში’. 2021 წლიდან ის ‘შავი ლომის’ წევრი გახდა და მასთან ერთად 3-ჯერ მოიგო რაგბი ევროპის სუპერ თასი. ის ორჯერ იყო საქართველოს ჩემპიონი ‘არმიასა’ და ‘ლოკომოტივთან’ ერთად.

შალვა მამუკაშვილის სანაკრებო დებიუტი 2011 წელს სამხრეთ აფრიკის „ა“ ნაკრებთან შედგა. ეს იყო ბორჯღალოსნების 132-ე ოფიციალური ტესტ-მატჩი და შალვა გახდა 208-ე მორაგბე, რომელმაც საქართველოს ნაკრების კვართი მოირგო. 2023 წლის ჩათვლით, მან 103 შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ბორჯღალოსნებში მე-5 ადგილზეა.

კვაჭის პოზიციაზე მოთამაშე მამუკაშვილმა ჯამში 14 სანაკრებო ლელო გაიტანა. მან პირველი ლელო 2012 წელს ესპანეთს დაუდო. ის სამი მსოფლიო თასის მონაწილეა (2015, 2019, 2023). ცოტა ხნის წინ შალვა მამუკაშვილი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შერკინების მწვრთნელად (აუტის) დაინიშნა და საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდა ქართველ მორაგბეებს გაუზიარებს.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168581