ფორმულა 1-ის სეზონის გახსნით ეტაპზე, 2026 წლის ავსტრალიის გრანპრი გაიმართა. მელბურნის ალბერტ პარკის სარბოლო ტრასაზე, გამარჯვება ჯორჯ რასელიმ მოიპოვა. მერსედესის პილოტმა რბოლა პოლ პოზიციიდან დაიწყო და დამაჯერებლად მოიგო, რითაც გუნდს სეზონის პირველ ეტაპზე დუბლი მოუტანა.
ბრიტანელმა მრბოლელმა რბოლის ბედი სწორად შერჩეული სტრატეგიით გადაწყვიტა და სეზონი გამარჯვებით გახსნა. შაბათის კვალიფიკაციაში რასელის პოლ პოზიციამ დიდი ყურადღება მიიპყრო - მერსედესის პილოტი უახლოეს კონკურენტს თითქმის 0.8 წამით უსწრებდა. თუმცა, თავად რბოლის სტარტი გაცილებით დაძაბული აღმოჩნდა.

ფერარის ორივე პილოტს ძალიან კარგი დასაწყისი ჰქონდა და შარლ ლეკლერმა მეოთხე პოზიციიდან პირველივე მოსახვევში ლიდერობა მოიპოვა. რასელმა ლიდერობა მეორე წრეზე დაიბრუნა - მე-10 და მე-11 მოსახვევებს შორის მან ელექტროენერგიის დამატებითი სიმძლავრის რეჟიმი გამოიყენა და ლეკლერს გაასწრო.
მაგრამ, ლეკლერმა მალევე უპასუხა. მესამე წრეზე, მეცხრე მოსახვევისკენ მიმავალ მონაკვეთში, მან იგივე ენერგეტიკული რეჟიმი გამოიყენა და კვლავ ლიდერობა დაიბრუნა. რასელი ლეკლერს მთელი დროის განმავლობაში ძალიან ახლოს მიჰყვებოდა. მეცხრე წრეზე მან პირველ მოსახვევში ლიდერობის დაბრუნება სცადა, ფერარის პილოტმა პოზიცია შეინარჩუნა. ამ დროს ბრძოლაში უკვე ლუის ჰამილტონიც ჩაერთო.
10 წრის შემდეგ ლიდერთა ჯგუფში ოთხი პილოტი იყო: რასელი, ლეკლერი, ჰამილტონი და მერსედესის ახალგაზრდა იტალიელი მრბოლელი კიმი ანტონელი.
"თავს წარმოუდგენლად ვგრძნობ. თავიდან ჯოჯოხეთური ბრძოლა იყო. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. ცუდი სტარტი მქონდა და ცხადია, ჩარლზთან საკმაოდ დაძაბული ბრძოლაც გამომივიდა, ამიტომ ფინიშის ხაზის გადაკვეთა ძალიან გამიხარდა", - თქვა რასელმა.

ანტონელმა სტარტზე დაკარგული პოზიციები დაიბრუნა და რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა. ლიდერთა ჯგუფი მე-12 წრემდე ერთად მოძრაობდა, სანამ რედ ბულის პილოტი იზაკ ჰაჯარი ტრასაზე არ გაჩერდა. მისმა გაჩერებამ ტრასაზე ვირტუალური უსაფრთხოების მანქანა გამოიწვია - მდგომარეობა, როდესაც მანქანები სიჩქარეს ამცირებენ და გუნდები ხშირად პიტსტოპს აკეთებენ, რადგან დროის დანაკარგი ნაკლებია.
ამ მომენტში პიტში შევიდნენ რასელი და ანტონელი, ხოლო ფერარის ორივე პილოტი ტრასაზე დარჩა. ჰამილტონმა გუნდის გადაწყვეტილება მაშინვე გააკრიტიკა და რადიოთი თქვა:
„მინიმუმ ერთი ჩვენგანი მაინც უნდა შევიდეთ პიტში".
თუმცა, ფერარიმ წინასწარ დაგეგმილ ერთპიტსტოპიან სტრატეგიას არ გადაუხვია. რბოლის გარდამტეხი მომენტი - ლეკლერი პიტში საბოლოოდ 25-ე წრეზე შევიდა. ამ დროისთვის რასელი მას მხოლოდ ხუთი წამით ჩამორჩებოდა. პიტსტოპის შემდეგ ფერარის პილოტი უკვე 14 წამით უკან დაბრუნდა.
თეორიულად, უფრო ახალი საბურავებით ლეკლერს სხვაობის შემცირება უნდა შეძლებოდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და რბოლის ლიდერობისთვის ბრძოლაც სწორედ აქ დასრულდა.
შეცდა თუ არა ფერარი?
ვირტუალური უსაფრთხოების მანქანის გამოცხადების დროს ლეკლერი უკვე პიტლეინის შესასვლელთან ახლოს იყო და გუნდს მისი პიტში გამოძახება შეეძლო. იგივე გადაწყვეტილება შეეძლოთ ჰამილტონთან დაკავშირებითაც, თუმცა, ფერარიმ ეს არც შემდეგ წრეზე გააკეთა.
შესაძლოა გუნდმა იფიქრა, რომ მერსედესი ბოლომდე ერთ პიტსტოპზე ვერ შეძლებდა რბოლის დასრულებას, მაგრამ საბოლოოდ ეს პრობლემა არ აღმოჩნდა. ლეკლერის თქმით, გამარჯვება მაინც რთული იქნებოდა და მესამე ადგილი მისი მაქსიმალური შედეგი იყო.
ლეკლერსა და რასელს შორის პოზიციების ხშირი ცვლილება დიდწილად ახალი ენერგეტიკული სისტემის შედეგი იყო. პილოტები მოკლე მონაკვეთებზე იყენებდნენ დამატებითი სიმძლავრისა და გასწრების რეჟიმებს, რაც ელექტროენერგიის დროებით ზრდას უზრუნველყოფს. ამ დროს, როდესაც ერთ პილოტს ენერგია ეწურებოდა და ბატარეას ტენიდა, მეორე შეტევაზე გადადიოდა.
ფერარის გუნდის ხელმძღვანელმა ფრედერიკ ვასერმა რბოლა „კარგ დასაწყისად“ შეაფასა, თუმცა ჯერ უცნობია, როგორ მიიღებენ გულშემატკივრები ასეთ ენერგეტიკულ ბრძოლაზე დაფუძნებულ რბოლებს. სხვა მოვლენები ლიდერთა ოთხეულსა და დანარჩენ პელოტონს შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო.

მაკლარენის პილოტი ლანდო ნორისი ფინიშზე ჰამილტონს 35 წამით ჩამორჩა. მოქმედმა ჩემპიონმა მაქს ვერსტაპენმა კვალიფიკაციაში ავარიის შემდეგ რბოლა ბოლო პოზიციებიდან დაიწყო და საბოლოოდ მეექვსე ადგილი დაიკავა.
შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა არვიდ ლინდბლადს, რომელმაც ქულები მოიპოვა. 18 წლის პილოტი ფორმულა 1-ში ყველაზე ახალგაზრდა ბრიტანელი გახდა და დებიუტი შთამბეჭდავი გამოუვიდა, როდესაც ჰაასით თანამემამულე ოლივერ ბეარმანს ჩამორჩა, მერვე ადგილი დაიკავა.

რბოლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის ოსკარ პიასტრი იყო. ავსტრალიელმა ფორმაციის წრეზე ავარია განიცადა და საკუთარ საშინაო გრანპრიზე სტარტიც ვერ აიღო.

საუკეთესო ათეული
ჯორჯ რასელი
კიმი ანტონელი
შარლ ლეკლერი
ლუის ჰამილტონი
ლანდო ნორისი
მაქს ვერსტაპენი
ოლივერ ბერმანი
არვიდ ლინდბლადი
გაბრიელ ბორტოლეტო
პიერ გასლი
ავსტრალიის გრანპრი 2026 წლის Formula One-ის სეზონის პირველი ეტაპი იყო და ახალი ტექნიკური რეგულაციების ეპოქის დასაწყისი გახდა. სეზონის შემდეგი რბოლა ჩინეთში გაიმართება. შანხაის საერთაშორისო ტრასაზე სეზონის მეორე გრანპრს და ასევე სპრინტის რბოლას ვიხილავთ.







