ძიუდოში ავსტრიის გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილი და ლუკა ჯავახიშვილი ფინალში გავიდნენ, რომლებიც ოქროს მედლისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.
90 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ბრიტანელი ჯამალ პეტგროუ, ჩეხი დავიდ კლამერტი, ესპანელი აარონ როდრიგეს სანტამარია და ბრაზილიელი რაფაელ მასედო დაამარცხა და ოქროსთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
ამავე წონაში ჯავახიშვილმა ერთმანეთის მიყოლებით აჯობა გერმანელ ლასე შრივერს, იტალიელ კრისტიანო მინჩინეზის, ისრაელელ როი სივანს და ფრანგ მაქსიმ-გაელ ჰამბუს. ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან დაიწყება და ქართველების ფინალიც შედგება.
ბრინჯაოს მედლამდე ერთი მოგება აშორებს ირაკლი დემეტრაშვილს, რომელმაც ესტონელი მარეკ-ადრიან მასაკი, ალჟირელი იასერ მუსტაფა ბუმარი და ფინელი მარტი პუუმალაინენი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში თურქ იბრაჰიმ თათაროღლუსთან წააგო. ბრინჯაოსთვის ირაკლი აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს შეხვდება.
გურამ თუშიშვილი (+100 კგ) პირველ წრეში თურქ იბრაჰიმ თათაროღლუსთან დამარცხდა. ილია სულამანიძემ (100 კგ) პირველი შეხვედრა ფრანგ მაქსენს ბორდინთან მოიგო, მაგრამ შემდეგ სლოვაკ ბენჟამინ მატასეიესთან მოულოდნელად წააგო და უმედლოდ დარჩა.
ქალებში, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) პირველ წრეში დამარცხდა ყაზახი აკერკე რამაზანოვის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ავსტრიის გრან პრიზე ორი დღის შემდეგ უმედლოდ იყო, მაგრამ ორი მედალი უკვე გარანტირებულია.







