ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში „ვილიარეალმა“ „ელჩე“ 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო გიორგი მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, ამჯერად შედეგიანი მოქმედების გარეშე.
მიქაუტაძე აქტიური იყო, ულამაზეს გოლთანაც ძალიან ახლოს გახლდათ: 30-ე წუთზე ის დრიბლინგით შეიჭრა საჯარიმოში, ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ მეკარემ აჯობა. გიორგის მეორე ტაიმშიც ჰქონდა შანსი, როცა ცარიელი კარის წინ ბურთს ვერ შესწვდა.
„ვილიარეალი“ 31-ე წუთზე დაწინაურდა, ტეჯონ ბუქანანის შესანიშნავი გოლით. ამის შემდეგ მარსელინოს გუნდს რამდენიმე რეალური მომენტი ჰქონდა და დიდ უპირატესობას ფლობდა, რასაც ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა. 41-ე წუთზე სანტიაგო მოურინიომ სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის მიწურულს სტუმრებმა ანდრე სილვას გოლით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ მარცხს ვერ გადაურჩნენ - 2:1.
გიორგი მიქაუტაძეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი (მათ შორის 5 მიმდინარე წელს) და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 32 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა.
„ვილიარეალი“ 54 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს „ატლეტიკოსთან“ ერთად იყოფს და მომდევნო ტურში 13 მარტს, სტუმრად „ალავესს“ შეხვდება.





