ავსტრიის გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, რომელმაც დროებით წონა შეიცვალა, მაგრამ პირველობა მაინც შეძლო.
გრიგალაშვილი 90 კგ წონით კატეგორიის ფინალში 20 წლის ქართველს, ლუკა ჯავახიშვილს შეხვდა, რომელიც იპონით დაამარცხა. შედეგად, ოქრო-ვერცხლი ქართველმა ძიუდოისტებმა გაინაწილეს.
ფინალამდე გრიგალაშვილმა ბრიტანელი ჯამალ პეტგროუ, ჩეხი დავიდ კლამერტი, ესპანელი აარონ როდრიგეს სანტამარია და ბრაზილიელი რაფაელ მასედო დაამარცხა და ოქროსთვის ბრძოლის უფლება ამგვარად მოიპოვა.
ჯავახიშვილმა ერთმანეთის მიყოლებით აჯობა გერმანელ ლასე შრივერს, იტალიელ კრისტიანო მინჩინეზის, ისრაელელ როი სივანს და ფრანგ მაქსიმ-გაელ ჰამბუს.
ბრინჯაოს მედლამდე ერთი მოგება აშორებდა ირაკლი დემეტრაშვილს, რომელმაც ესტონელი მარეკ-ადრიან მასაკი, ალჟირელი იასერ მუსტაფა ბუმარი და ფინელი მარტი პუუმალაინენი დაამარცხა, მაგრამ ნახევარფინალში თურქ იბრაჰიმ თათაროღლუსთან წააგო. ბრინჯაოსთვის ირაკლი აზერბაიჯანელ ჯამალ გამზატხანოვს შეხვდა, რომელსაც იუკოთი ამარცხებდა, მაგრამ ზუსტად ბოლო წამზე, ვაზარზე დაეცა და მარცხი განიცადა. შედეგად, უმედლოდ დარჩა.
გურამ თუშიშვილი (+100 კგ) პირველ წრეში თურქ იბრაჰიმ თათაროღლუსთან დამარცხდა. ილია სულამანიძემ (100 კგ) პირველი შეხვედრა ფრანგ მაქსენს ბორდინთან მოიგო, მაგრამ შემდეგ სლოვაკ ბენჟამინ მატასეიესთან მოულოდნელად წააგო და უმედლოდ დარჩა. ქალებში, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) პირველ წრეში დამარცხდა ყაზახი აკერკე რამაზანოვის წინააღმდეგ.
საქართველო ავსტრიის გრან პრიზე 11 ძიუდოისტით გამოვიდა და ორი მედალი მოიპოვა - ტატო გრიგალაშვილმა ოქრო და ლუკა ჯავახიშვილმა ვერცხლი.







