საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში „მეცი“ „ლანსს“ ესტუმრა და მორიგი მარცხი განიცადა.
სტუმრებმა ჩემპიონობისთვის მებრძოლ „ლანსს“ წინააღმდეგობა 44-ე წუთამდე გაუწიეს, როცა ანგარიში უგოლო იყო, მაგრამ 44-ე წუთზე „ლანსი“ საუდ აბდულჰამიდმა დააწინაურა, ხოლო მეორე ტაიმის საწყის 7 წუთში პიერ საჟის გუნდმა კიდევ ორჯერ გაიტანა და ყველაფერს ინტრიგა მოუკლა - 3:0.
ძირითად შემადგენლობაში ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ქვილითაია იყო, რომელიც 54-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი წიტაიშვილი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო გიორგი აბუაშვილს მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მისცემია.
წიტაიშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 25 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი (1 საგოლე პასი), აბუაშვილის აქტივში 17 მატჩში 1 გოლია, ხოლო ქვილითაიამ ფრანგულ გუნდში მეხუთედ ითამაშა.
„მეცს“ ლიგა 1-ში 13-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რომლის განმავლობაში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. შედეგად, 13 ქულით ბოლო ადგილზეა, ძალიან გაუჭირდება ლიგა 1-ში დარჩენა, მომდევნო ტურში კი 15 მარტს „ტულუზს“ უმასპინძლებს.
„ლანსმა“ 56 ქულა დააგროვა, მეორე საფეხურზეა და „პარი სენ-ჟერმენს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება.





