ფეხბურთი

23:54 | 8.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე: "თავს კარგად ვგრძნობ, უკეთესი ვხდები"

„უოტფორდის“ საიტზე გიორგი ჩაკვეტაძის მოკლე ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც უმეტესწილად მომდევნო ტურის მატჩს შეეხო, რომელსაც ინგლისური კლუბი ბოლოადგილოსან და უკვე გავარდნილ „შეფილდ უენსდეისთან“ გამართავს.

როგორც ჩაკვეტაძემ აღნიშნა, თავს კარგად გრძნობს და თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხდება:

„თავს კარგად ვგრძნობ. თამაშიდან თამაშამდე ფიზიკურად და ტექნიკურად ბევრად უკეთესი ვხდები. რამდენიმე დღე დასვენება გვქონდა, რაც მნიშვნელოვანია ენერგიის აღსადგენად. სამშაბათის თამაშისთვის მზად ვიქნებით.

დადებითად ვართ განწყობილნი. ბოლო სამი თამაშიდან ორი მოვიგეთ, შესაბამისად, განწყობა კარგია და ყველა ბედნიერია. რაც შეიძლება მეტი ქულის მოსაპოვებლად 11 ფინალი დაგვრჩა. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ვფიქრობ, ამის გაკეთება შეგვიძლია.

„შეფილდ უენსდეი“ სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა, მაგრამ ვიცით, რომ ჩემპიონშიპში ადვილი თამაში არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, მზად ვიქნებით. პლეი-ოფში გასასვლელად ქულები გვჭირდება, ამიტომ უნდა მოვიგოთ. მათ იციან, რომ მომავალ სეზონში ლიგა 1-ში იქნებიან, ამიტომ თავისუფლად ითამაშებენ. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი თამაშია, ვიდრე მათთვის.

ეს შესანიშნავი თამაში იყო, (გასულ სეზონში უოტფორდმა მეტოქეს სტუმრად 6:2 მოუგო - რედ) ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვიმედოვნებ, რომ სამშაბათსაც იგივე იქნება.

გულშემატკივრები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად მადლიერი და ყოველთვის ბედნიერი ვარ, როდესაც მათ წინაშე ვთამაშობ. ისინი ყოველთვის ჩვენთან არიან“, - თქვა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში გოლი არ გაუტანია და 19 მატჩში მხოლოდ 1 საგოლე პასით გამოირჩა. „უოტფორდი“ 51 ქულით მეცხრეა და „შეფილდ უენსდეის“ 10 მარტს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087496