ფეხბურთი

1:54 | 9.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

ორი წელი დერბიში მარცხის გარეშე: "მილანმა" "ინტერი" ისევ დაამარცხდა და ინტრიგა შენარჩუნდა

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის მთავარი მატჩი „დერბი დელა მადონინა“ იყო, რომელშიც „მილანი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა.

სანამ მატჩზე ვიტყოდეთ, სიტუაციაზე ვთქვათ: მატჩამდე „ინტერი“ „მილანს“ 10 ქულით უსწრებდა და ეს მასიმილიანო ალეგრის გუნდისთვის ბოლო შანსი იყო, რომ საჩემპიონო ბრძოლაში დარჩენილიყო, ამისთვის აუცილებლად უნდა მოეგო.

„ინტერს“ სერია A-ში 15-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომლის განმავლობაში 14 გამარჯვება მოიპოვა და ერთხელ ითამაშა ფრე (ნაპოლისთან). ეს სერია სათავეს 23 ნოემბრიდან იღებდა, სწორედ „მილანთან“ პირველ წრეში წაგებული მატჩიდან. და, სწორედ „მილანმა“ შეწყვიტა „ინტერის“ შესანიშნავი სერია.

სამაგიეროდ, გაგრძელდა „მილანის“ სერია, რომელიც დერბიში „ინტერთან“ უკვე ორი წელია, რაც არ აგებს - 7 მატჩი, 5 მოგება, 2 ფრე.

„სან სიროზე“ გამართული თამაში თვალსასეირო არ ყოფილა, ლოგიკურია, რომ ყველაფერი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 35-ე წუთზე პერვის ესტუპინიანმა გაიტანა. შემდეგ „როსონერიმ“ თავი ბრწყინვალედ დაიცვა. საბოლოოდ, „მილანმა“ 1:0 გაიმარჯვა და ინტრიგა შენარჩუნდა.

მატჩის მიწურულს, კომპენსირებულ დროში ორი საკამათო ეპიზოდი იყო: ჯერ "ინტერმა" გოლი გაიტანა, მაგრამ სანამ ფედერიკო დიმარკო კუთხურს ჩააწოდებდა, მსაჯის სასტვენი გაისმა, რატომ? მხოლოდ მსაჯმა იცის... მან გოლი არ ჩათვალა და კუთხური ხელმეორედ მოაწოდებინა "ინტერს". ერთ წუთში საჯარიმოში აშკარად ხელით ითამაშა "მილანის" ფეხბურთელმა სამუელე რიჩიმ, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა.

„ინტერი“ 67 ქულით ლიდერია, „მილანს“ 60 ქულა აქვს და 7-ქულიანი სხვაობა ცოტა არაა, მაგრამ შეიძლებოდა, ახლა უფრო მეტი ყოფილიყო. ამიტომ, „მილანი“ სეზონის ბოლომდე იბრძოლებს, დანარჩენი დარჩენილ 10 ტურში გადაწყდება.

„მილანი“ – „ინტერი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ესტუპინიანი (35)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.129585