NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის "ტორონტო რეპტორსმა" ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. კანადელებმა საკუთარ მოედანზე "დალას მავერიკს" უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 122:92 იმარჯვეს.
მასპინძლებმა შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს და გამარჯვება ეჭვქვეშ არცერთ მეოთხედში არ დაუტოვებია. "ტორონტოს" მხრიდან გამორჩეული იყო და MVP-ის ტიტულიც დაისაკუთრა ჯეი ბარეტიმ, რომელმაც მატჩი 31 ქულით, 6 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 17:32 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 13 ქულას, 7 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას, 1 დაფარებასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრომ 3-დან 3 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო სროლიდან 1 ჩააგდო ზუსტად.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტო" 36 მოგებითა და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო შეხვედრას 11 მარტს "ჰიუსტონის" წინააღმდეგ გამართავს.







