არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესის "ბარსელონაში" დაბრუნება 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ თითქმის გადაწყვეტილი იყო, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერი არ შედგა.
ეს ინფორმაცია "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა გამოცემა La Vanguardia-სთან საუბარში გაამხილა. მისი თქმით, კლუბს უკვე ჰქონდა La Liga-ს თანხმობაც და თავად მესიც მზად იყო დაბრუნებისთვის.
"მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მესის ბარსელონაში დაბრუნება პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო. ჩვენ გვქონდა ლა ლიგის მწვანე შუქიც და ლეოსაც სურდა დაბრუნება, მაგრამ საბოლოოდ ჟუან ლაპორტამ ტრანსფერი შეაჩერა. მან მითხრა, რომ თუ ლეო დაბრუნდებოდა, მის წინააღმდეგ ომი დაიწყებოდა და ამას ვერ დაუშვებდა. ამის შემდეგ ლეო ჩემს ზარებს აღარ მპასუხობდა, ის ძალიან გაბრაზებული იყო. ჩემი მიზანი სიმართლის თქმაა და უნდა ყველამ იცოდეს, რომ მესის დაბრუნება მხოლოდ ლაპორტას გამო არ შედგა და საუბრები იმის შესახე, რომ თითქოს ლეოს მამამ დიდი ხელფასი მოითხოვა სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ხავიმ.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი "ბარსელონაში" 2004-2021 წლებში ტამაშობდა, ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეპოქის მთავარი ფიგურა. აქვე გეტყვით იმ ფაქტსაც, რომ 15 მარტს "ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს, სადაც კენჭს ჟუან ლაპორტაც იყრის.





