2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ბორჯღალოსნები 15 მარტს ესპანეთში, მადრიდის „ონთაიმ ბუთარქ“-ის სტადიონზე პორტუგალიას შეერკინებიან. შეხვედრა საქართველოს დროით 21:45 საათზე დაიწყება.
რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, წლევანდელი გათამაშების დასკვნითი რაუნდის ოთხივე შეხვედრა ერთ ლოკაციაზე, მადრიდში გაიმართება. მე-7 (გერმანია - ნიდერლანდები, 14 საათი) და მე-5 ადგლების (შვეიცარია - ბელგია, 16:30 საათი) თამაშები „ნაციონალ კომპლუტენსეს“ სტადიონზე შედგება, ხოლო მე-3 ადგილისთვის მატჩს (ესპანეთი - რუმინეთი, 19 საათი) და დიდ ფინალს (საქართველო - პორტუგალია, 21:45 საათი) „ონთაიმ ბუთარქი“ უმასპინძლებს, რომელიც 1998 წელს გაიხსნა და 14 500 მაყურებელს იტევს.
ფინალურ მატჩზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ აქ:
ფინალის გზაზე გუნდებმა ოთხ-ოთხი შეხვედრა მოიგეს. საქართველომ ჯგუფურ (ა) ეტაპზე შვეიცარია (54:3) და ნიდერლანდები (61:12) სტუმრად, ხოლო ესპანეთი შინ 42:30 დაამარცხა. ნახევარფინალში ჩვენმა გუნდმა რუმინეთს თბილისში 53:30 სძლია.
პორტუგალიამ ბ ჯგუფში ბელგიას (47:17) და გერმანიას (68:12) სტუმრად მოუგო, ხოლო რუმინეთი ლისაბონში 44:7 დაამარცხა. ნახევარფინალში „ლობუშმა“ ესპანეთი ლისაბონში მიიღო, 26:7 მოუგო და ერთი წლის შემდეგ ფინალის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პორტუგალიასთან 2024 წლის შემდეგ აღარ უთამაშია. მაშინ „ლობუშს“ ასევე ფინალში შევხვდით და 36:10 მოვუგეთ.
ჩვენ და პორტუგალია
დაარსების დღიდან საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან 27-ჯერ უთამაშია - 11-ჯერ შინ, 12-ჯერ სტუმრად და 4-ჯერ ნეიტრალურ მოედანზე. 27 თამაშიდან 19 ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 4-ჯერ ფრე დაფიქსირდა, 4 შეხვედრა კი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ 2005 წლის შემდეგ, ბოლო 20 თამაშია პორტუგალიასთან არ წაგვიგია, თუმცა ამ პერიოდზე მოდის ოთხივე ფრე.
გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 1997 წელს შედგა და ლისაბონში მასპინძლებმა 21:17 გაიმარჯვეს, რასაც 2000-2002 წლებში საქართველოს სამი გამარჯვება მოყვა, თუმცა შემდეგი სამი თამაში (2002-2005) უკვე მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, აქედან ერთი თბილისში - 2004 წელს „მიხეილ მესხზე“ 19:14. ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პორტუგალიამ საქართველო გამარჯვებულმა დატოვა.
2006 წელს „ლობუშს“ ერთბაშად სამჯერ შევხვდთ, რადგან 2007 წლის მსოფლიო თასის საგზურისთვის მათთან ფლეი ოფის გამართვა მოგვიწია. ამ წლის ერთა თასზე (რაგბი ევროპის ჩემპიონატზე) პორტუგალიას 40:0 ვაჯობეთ, რაც დღემდე ამ გუნდებს შორის სარეკორდო სხვაობად რჩება. ნოემბერში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში, მეტოქეს თბილისში 17:3 მოვუგეთ, ორი კვირის თავზე კი, სტუმრად ფრედ 11:11 ვითამაშეთ და მეორედ მოვიპოვეთ მსოფლიო თასის საგზური. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიამ რეპეშაჟის გავლით თავადაც მოიპოვა 2007 წლის მსოფლიო თასის საგზური.
მას შემდეგ პორტუგალიასთან ფრედ კდევ სამჯერ ვითამაშეთ - ორჯერ თბილისში: 2009 წელს 20:20 და 2022 წელს 25:25; ხოლო ერთხელ საფრანგეთში, 2023 წლის მსოფლიო თასზე (18:18).
სხვა შემთხვევებში გამარჯვება საქართველოს რჩებოდა, თუმცა უმეტეს შემთხვევებში „ლობუშთან“ დაძაბული შეხვედრები გვქონდა. ესპანეთში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიას ერთხელ უკვე ვეთამაშეთ და 2023 წელს ბადახოსში 38:11 დავამარცხეთ.
ორი წლის წინ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუმინეთს საფრანგეთში, პარიზში შევერკინეთ და 36:10 დავამარცხეთ.
ამრიგად, განვლილ 27 მატჩში საქართველომ პორტუგალიას გაუტანა 84 ლელო და 677 ქულა, თავად კი 28 ლელო და 386 ქულა გაუშვა.
RUGBY.GE







