„ნიუკასლის“ ახალგაზრდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობი სტოკდეილმა ვახტანგ სალიას შესახებ ისაუბრა და 18 წლის ქართველი ფორვარდი შეაქო.
სალიამ პრემიერლიგა 2-ში სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა - „ლესტერის“ კარი თავური დარტყმით დალაშქრა.
„სალია ძალიან მომწიფებული და მართლაც კარგი მოთამაშეა. ძალიან კარგია მისი ისევ ვარჯიშებზე და ახლა უკვე თამაშებში ხილვა. მასთან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც ძალიან სერიოზული ტრავმა ჰქონდა. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ და არ ვიჩქაროთ. ის დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს. მართლაც კარგი გოლი იყო და იმედია, მისი თამაშის დრო გაიზრდება.
შემტევი სამეული რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა და გვყავს ვარიანტები, რომლებიც მათ უკან არიან, ამიტომ ადგილებისთვის კარგი კონკურენციაა“, - თქვა სტოკდეილმა.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ სალია „ნიუკასლს“ ზაფხულში შეუერთდა, მაგრამ სერიოზული ტრავმის გამო ნახევარი სეზონის გამოტოვება მოუწია, რის გამოც გუნდში ოფიციალური დებიუტი მხოლოდ ახლა ჰქონდა.







