ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი სტამბოლიდან დაიწყო, სადაც „გალათასარაიმ“ „ლივერპული“ დაამარცხა.
თუმცა, ყველაფერს საპასუხო მატჩი გადაწყვეტს, რომელიც „ენფილდზე“ გაიმართება. იქამდე, თურქეთის ჩემპიონმა ინგლისის ჩემპიონს მიმდინარე სეზონში მეორედ აჯობა და იდენტური ანგარიშით.
ეს გუნდები ფაზის ეტაპზეც შეხვდნენ და მაშინ „გალამ“ 1:0 გაიმარჯვა. ახლაც იგივე მოხდა: მეშვიდე წუთზე ვიქტორ ოსიმენის პასით მარიო ლემინამ ანგარიში გახსნა. შემდეგ ორივე გუნდის კართან არაერთი მომენტი შეიქმნა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა. თურქებმა მეორე ტაიმში შეძლეს გატანა, მაგრამ ოსიმენის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
„გალათასარაიმ“ საპასუხო შეხვედრის წინ უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ არც ისე დიდი, რომ ინგლისში მშვიდად ჩავიდეს, მეტიც, წესით, სტუმრად ძალიან გაუჭირდება.
ალისონის არყოფნაში, როგორც დააანონსებული იყო, გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა. ქართველ მეკარეს გოლში არავითარი ბრალი არ მიუძღვის, სამაგიეროდ, გუნდი სამჯერ იხსნა, როცა სამი დარტყმა მოიგერია და გამოსვლებზეც კარგად თამაშობდა. მთლიანობაში გიორგის დამაჯერებელი თამაში ჰქონდა, განსკუთრებით იმის ფონზე, რომ სათამაშო პრაქტიკის გარეშეა.
მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩი დაუგროვდა - 5 პრემიერლიგაში, 5 ჩემპიონთა ლიგაზე, თითო ასოციაციის თასზე და ინგლისის ლიგის თასზე.
„ლივერპულისა“ და „გალათასარაის“ საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 18 მარტს, „ენფილდზე“ გაიმართება.
„გალათასარაი“ – „ლივერპული“ 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 ლემინა (7)







