ფეხბურთი

2:00 | 11.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" იამალმა გადაარჩინა, "ბაიერნი" თითქმის გავიდა, "ატლეტიკომ" "ტოტენჰემი" გაანადგურა

ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მერვედფინალური მატჩები გაიმართა და ორი მეოთხედფინალისტი პრაქტიკულად უკვე გაირკვა.

„ატლეტიკო“ და „ბაიერნი“ მომდევნო ეტაპზე რომ ვერ გავიდნენ, სასწაული უნდა მოხდეს, ინტრიგა შენარჩუნდა „ნიუკასლი“ – „ბარსელონას“ წყვილში.

„ბაიერნი“ „ატალანტას“ ჰარი კეინის და მანუელ ნოიერის გარეშე ესტუმრა, მაგრამ გერმანული გუნდების ჯავრი იყარა. გერმანული გუნდების, რადგან „ატალანტამ“ მიმდინარე სეზონში „აინტრახტი“ (3:0) და „დორტმუნდი“ (4:1) გაანადგურა, მაგრამ „ბაიერნი“ სულ სხვა დონეა.

ვენსან კომპანის გუნდმა 6:1 მოიგო და მშრალადაც იგებდა, ბოლო წამზე გაშვებული გოლი რომ არა. მატჩის ბედი 25 წუთში გადაწყდა, როცა იოსიპ სტანიშიჩმა, მაიკლ ოლისემ და სერჟ გნაბრიმ გაიტანეს. გერმანელებმა რბევა მეორე ტაიმშიც გააგრძელეს, ოლისემ კიდევ გაიტანა, ისევე, როგორც ნიკოლას ჯექსონმა და ჯამალ მუსიალამ. „ატალანტამ“ მარიო პაშალიჩის პრესტიჟის გოლით უპასუხა, თუ ამას პრესტიჟი შეიძლება ეწოდოს.

„ბაიერნი“ საპასუხო მატჩს შინ გამართავს, მაგრამ ეს ფორმალობაა, უბრალოდ უნდა ითამაშონ, „რეკორდმაისტერი“ მომდევნო ეტაპზე იქნება, ხოლო იტალიას მეოთხედფინალში წარმომადგენელი არ ეყოლება.

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ ამბობდა, რომ მათთვის პრიორიტეტი ახლა პრემიერლიგაში დარჩენაა და როგორც ჩანს, ეს ფეხბურთელებმა პირდაპირ გაიგეს. „ტოტენჰემი“ მადრიდში 2:5 განადგურდა, თან როგორ?!

მე-15 წუთზე ანგარიში 3:0 იყო. მარკოს ლორენტემ, ანტუან გრიზმანმა და ხულიან ალვარესმა გაიტანეს. სამიდან ორი გოლი მეკარის, ანტონინ კინსკის სინდისზეა, რომელამც 10 ოქტომბრის შემდეგ პირველად ითამაშა. და, ტუდორმა ის მე-17 წუთზე შეცვალა. ახალგაზრდა ჩეხმა მეკარემ მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა და დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო.

მეკარის ცვლილებას „ტოტენჰემისთვის“ არაფერი მიუცია: მალევე რობინ ლე ნორმანმა სხვაობა ოთხამდე გაზარდა, რასაც პედრო პორომ უპასუხა. მეორე ნახევარში ალვარესმა დუბლი შეასრულა, ხოლო დომინიკ სოლანკემ კვლავ შეამცირა სხვაობა. თუმცა, ცხადია, ეს „ტოტენჰემი“ საპასუხო შეხვედრაში ამ ჩამორჩენის აღმოფხვრელს არ ჰგავს და წარმოუდგენელიც იქნება, რადგან „დეზები“ ღრმა კრიზისში არიან.

გაცილებით თანაბარი ბრძოლა იყო „სენტ ჯეიმს პარკზე“, სადაც გუნდებმა გოლები გაცვალეს. 86-ე წუთზე „ნიუკასლი“ ჰარვი ბარნსის გოლით დაწინაურდა და ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ მეექვსე კომპენსირებულ წუთზე ლამინ იამალმა პენალტით გაათანაბრა და ჰანსი ფლიკის გუნდის საპასუხო მატჩს მაინც კომფორტულ სიტუაციაში შეხვდება.

სამი წყვილში საპასუხო შეხვედრები 18 მარტს გაიმართება.

„ნიუკასლი“ – „ბარსელონა“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბარნსი (86), 1:1 იამალი (90, პენ)

„ატლეტიკო“ – „ტოტენჰემი“ 5:2 (4:1)

გოლები: 1:0 ლორენტე (6), 2:0 გრიზმანი (14), 3:0 ალვარესი (15), 4:0 ლე ნორმანი (22), 4:1 პორო (26), 5:1 ალვარესი (55), 5:2 სოლანკე (76)

„ატალანტა“ – „ბაიერნი" 1:6 (0:3)

გოლები: 0:1 სტანიშიჩი (12), 0:2 ოლისე (22), 0:3 გნაბრი (25), 0:4 ჯექსონი (52), 0:5 ოლისე (64), 0:6 მუსიალა (67), 1:6 პაშალიჩი (90)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164751